მოხისის ბრძოლა (1512) — ბრძოლა, რომელიც გაიმართა 1512 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III-ისა და მისი ძმის, ვახტანგის ლაშქარს შორის.
ისტორია
1509 წელს იმერეთის მეფე ალექსანდრე ქართლში შეიჭრა და აიღო ქ. გორი, თუმცა მალე მის სამეფოში „ჩიხნი“[კ 1] შეიჭრნენ, რის გამოც ალექსანდრე იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო. ქართლის მეფე დავითმა კვლავ აიღო გორი და განიმტკიცა იგი. ალექსანდრე მტერთან ბრძოლაში დასნეულდა და მალე გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა მისი უფროსი ვაჟი ბაგრატი, რომლის მეფობის პირველსავე წელს (1510 წ.) იმერეთში სელიმის მეთაურობით (რომელიც ამ დროს ტრაპიზონის ფაშად იჯდა) ილაშქრეს ოსმალებმა[კ 2], რომლებმაც დაარბიეს ქალაქები და სოფლები, გადაწვეს ქუთაისის საყდარი და გელათი, უამრავი ადამიანი კი ტყვედ წაიყვანეს. სელიმ ხანის ლაშქრობის მიზანს იმერეთის დაპყრობა და ციხეებში გარნიზონის ჩაყენება არ შეადგენდა. ეს იყო მარბიელი ლაშქრობა, ამიტომაც მტერი როგორც მოულოდნელად შემოიჭრა, ასევე მოულოდნელად გაბრუნდა უკან, ვინაიდან ზამთარი ახლოვდებოდა და შესაძლებელი იყო ზეკარის უღელტეხილი ჩაკეტილიყო. თურქების შემოსევით ისარგებლა და ბაგრატის წინააღმდეგ გაილაშქრა მისმა ძმამ, ვახტანგმა, რომელსაც მხარს უჭერდნენ ქართლის მეფე დავითი და სამცხის ათაბაგი მზეჭაბუკი. ძმები ერთმანეთს სოფელ მოხისთან დაუხვდნენ. „იყო ბრძოლა ძლიერი“. ბაგრატმა დაამარცხა ვახტანგი და განიმტკიცა სამეფო ძალაუფლება იმერეთში.
ლიტერატურა
- ქართლის ცხოვრება, ტომი IV, ბატონიშვილი ვახუშტი, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბილისი, 1973
- თ. ჟორდანია, „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა“, წ. II, ტფილისი, 1897
- რეხვიაშვილი, მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989.
კომენტარი