MusicBrainz — პროექტი, რომლის მიზანია freedb-ის მსგავსი მუსიკის ღია მონაცემთა ბაზის შექმნა. დაარსდა Compact Disc Database-ზე (CDDB) (საიტზე, რომელიც განკუთვნილი იყო CD-ისათვის მეტამონაცემების მოსაპოვებლად) შეზღუდვების დაწესების შემდეგ.[5][6]
MusicBrainz შეიცავს ინფორმაციას შემსრულებლების და მათი ჩანაწერების შესახებ. ჩანაწერების აღწერის გვერდებზე წარმოდგენილია სულ მცირე, თავად ჩანაწერის სახელწოდება, სიმღერების სახელწოდებები და თითო სიმღერის ხანგრძლივობა. ინფორმაცია მუშავდება და იმართება მოხალისე რედაქტორების მიერ. ჩანაწერების გვერდებზე აგრეთვე წარმოდგენილია გამოშვების წელი, ქვეყანა, CD-ის საიდენტიფიკაციო კოდი, გარეკანი, აკუსტიკური ანაბეჭდი, ანოტაცია და სხვა მეტამონაცემები. 2016 წლის 6 ივლისისთვის MusicBrainz შეიცავდა ინფორმაციას დაახლოებით 1.1 მილიონ შემსრულებელზე, 1.6 მილიონ ალბომზე ან სინგლზე და 16 მილიონ გამოცემაზე.[2] საბოლოო მომხმარებელს შეუძლია ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება, რომელიც უკავშირდება MusicBrainz-ს და პოულობს ID3 ტეგებს, რომლებსაც ანიჭებს კომპიუტერში შენახულ ციფრულ მედია-ფაილებს, როგორიც არის MP3, Ogg Vorbis ან AAC ტიპის ფაილები.