სომხური კულტურა
ხელსაწყოები
ძირითადი
ბეჭდვა/ექსპორტი
სხვა პროექტებში
სომხური კულტურა ― სომეხი ერის გეოგრაფიული, ლიტერატურული, ქორეოგრაფიული, მუსიკალური, გასტრონომიული, არქიტექტურული და სხვა მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც სათავეს იღებს საუკუნეების წინ და უმეტესად წარმოდგენილია ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების სახით.
სომხური ლიტერატურა და მწიგნობრობა 401 წლიდან იღებს სათავეს. V საუკუნის ლიტერატურული ნიმუშების უმეტესობა მოვსეს ხორენაცის მიერაა შექმნილი. საუკუნეების განმავლობაში სომხეთში არსებული რთული პოლიტიკური სიტუაციის გამო ვერ ხდებოდა ლიტერატურის განვითარება, ამიტომაც მითები და მოთხრობები თაობიდან თაობას გადაეცემოდა ზეპირად. XVII საუკუნის ბოლოს მოღვაწეობდა გამოჩენილი სომეხი კლასიკოსი ალექსადრე ტერძაკიანი, რომელმაც ერს არაერთი ნაწარმოები დაუტოვა. უკვე XIX საუკუნეში მწერალ მიხეილ ნალბანდიანის თაოსნობით დაიწყო მუშაობა ახალი სომხური იდენტური ლიტერატურის შესაქმნელად. სწორედ ნალბანდიანის ლექსი „იტალიელი გოგონას სიმღერა“ იქცა თანამედროვე სომხეთის ჰიმნის ინსპირაციად.
სომხური ანბანის შემქმნელებად პატრიარქი სააკ პართევი და მისი თანამოაზრე, წმინდა მესროპ მაშოტცი ითვლებიან. ისინი ასევე V საუკუნეში მოღვაწეობდნენ და სომხური ანბანის შექმნა ერის ისტორიაში ერთ-ერთი გარდამტეხი მოვლენა გახდა.
სომხურ ენაზე დაწერილი უძველესი ისტორიოგრაფიული ნაშრომი, რომელიც სომხეთის ისტორიას ეხება, ხორენაცის კალამს ეკუთვნის, რომელიც ასევე პოეტი, ჰიმნოგრაფი და გრამატიკოსი იყო. სომხეთის ისტორიის წერა არისტოკრატ სააკ ბაგრატუნის ბრძანებით დაიწყო. ამ ნაშრომებს აქტიურად იყენებდნენ შემდეგ საუკუნეებში მოღვაწე სომეხი ავტორები. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ისტორიაზე სხვა ავტორებიც გვაწვდიან ინფორმაციას, ხორენაცის ნამუშევარი იმითაა განსაკუთრებული, რომ იგი შეიცავს უნიკალურ მასალას გაქრისტიანებამდე არსებულ სომხურ ტრადიციებზე.
სომხური ცეკვის ხელოვნება ერთ-ერთი უძველესი და მრავალფეროვანია ახლო აღმოსავლეთში. სომხეთის მაღალმთიანი რეგიონების ქვაბულებში შემორჩენილია ძვ.წ. V-III ათასწლეულებში შექმნილი ცეკვის სცენების ნახატები. ივარაუდება, რომ ამ ცეკვებს შესრულებისას თან შესაბამისი პრიმიტიული მუსიკები და სიმღერები ახლდა. უკვე V სუკუნეში მოღვაწე მოვსეს ხორენაცის თანახმად, არამის შთამომავლები (ანუ სომხები) ცეკვებისა და ბალადების მოყოლისას იყენებდნენ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებს.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ენერგიული სომხური ცეკვაა საბრძოლო ცეკვა იარხუშტა. ვარაუდობენ, რომ იგი სათავეს ადრეულ საუკუნეებში იღებს, რამეთუ იგი მოხსენიებულია ხორენაცის ნაშრომსა და ბიზანტიურ წყაროებშიც. იარხუშტას ტრადიციულად სომეხი ჯარისკაცები ცეკვავდნენ ბრძოლის დაწყება, რაც მიზნად ისახავდა ერთის მხრივ ტრადიციული რიტუალის შესრულებას, მეორე მხრივ კი შიშის განდევნასა და საბრძოლო სულის ამაღლებას[1].
იარხუშტას მამაკაცები ასრულებენ, რომლებიც ერთმანეთს წყვილ-წყვილად უპირისპირდებიან. ცეკვის მთავარი ელემენტია წინ მოძრაობა, რომლის დროსაც მონაწილეები ერთმანეთს პირისპირ უახლოვდებიან და ენერგიულად უკრავენ ტაშს ერთმანეთის ხელისგულებზე[2].
კლასიკური სომხური არქიტექტურა იყოფა ოთხ ძირითად ეტაპად. პირველი სომხური ეკლესია-მონასტრები IV-VII საუკუნეებში აშენდა, რაც წარმოადგენს პერიოდს სომხეთის გაქრისტიანებიდან არაბების შემოჭრამდე[3]. ადრეული ეკლესიები უმეტესად უბრალოდ ბაზილიკები იყო გვერდით მიშენებული აფსიდით. V საუკუნიდან ბიზანტიის გავლენით სომხურ არქიტექტურაში ფართოდ გავრცელდა ეკლესიისათვის კონუსური ფორმის დიდი გუმბათის დადგმა. VII საუკუნიდან იწყება ცენტრალიზებული ტაძრების მშენებლობა. უკვე არაბების შემოსევების შემდეგ კი ჩამოყალიბდა თანამედროვე, დღეისათვის ცნობილი სომხური არქიტექტურა და მიიღო ეს სახე.
ორნამენტებით გაჯერებული ავთენტური ხალიჩები სომხური კულტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ სომხურ თემებში ხალიჩების ქსოვაში ყოველთვის ქალები დომინირებდნენ, ყარაბაღის თემებში არიან ასევე ამ საქმეში ცნობილი მამაკაცები, ზოგიერთ შემთხვევაში კი მთელი ოჯახი ერთად ქსოვს ხოლმე. შუა საუკუნეებში არწახად წოდებული რეგიონიდან შემორჩენილია XIII საუკუნეში შექმნილი სომხური ხალიჩა[4]. პირველად კი სომხურად ტერმინი ხალიჩა 1242-1243 წლებში იქნა გამოყენებული, რაც არჩის ეკლესიაზე ამოტვიფრული წარწერიდან ირკვევა[5].
ხელოვნებათმცოდნე ჰრვარდ აკოფიანი იმის მიხედვით, თუ რომელი ცხოველია მასზე გამოსახული, გამოყოფდა სომხური ხალიჩების რამდენიმე კატეგორიას: არწვაგორგები (არწივიანი ხალიჩები), ვიშაპაგორგები (დრაკონიანი ხალიჩები) და ოწაგორგები (გველიანი ხალიჩები)[6].
ხალიჩების გარდა, აღსანიშნავია სომხებში გავრცელებული ფარდების კერვის ხელოვნებაც, რომელიც შუა საუკუნეებშიც კი იყო გავრცელებული. ამას XIII საუკუნის კირაკოს განძაკეცის ნაშრომებიდან ვიგებთ, რომელიც არზუ ხათუნსა და მის ქალიშვილებს განსაკუთრებულ ხოტბას ასხამდა ამ უნარის გამო[7].
სომხურ ხალიჩებს ხელოვნების ნიმუშებად აღიარებენ უცხოელი მკვლევრებიც. ყარაბაღში მოგზაურობისას არაბმა ისტორიკოსმა და გეოგრაფმა ალ-მასუდმა აღნიშნა, რომ თავის ცხოვრებაში მსგავსი ხალიჩები არსად უნახავს[8].
სომხური ენა ინდოევროპულ ენათა ოჯახს მიეკუთვნება და დისპერსიის მიხედვით იგი 5,000 წლისაა, უახლესი კვლევების მიხედვით კი იგი 7,800 წლის წინ ჩაისახა[9]. მრავალეროვანმა დაპყრობებმა და სავაჭრო გზაზე მდებარეობამ სომხურ ენაში ბევრი რამ შეცვალა და მის ლექსიკას არაერთი უცხო სიტყვა ჩაემატა. IV საუკუნეში შეიქმნა სომხური ანბანიც, რასაც მოჰყვა სომხურ ენაზე დაწერილი წიგნების გამოჩენა. იმდროინდელი სამწერლო ენა XIX საუკუნემდე იქნა შენარჩუნებული. ამასობაში, სალაპარაკო სომხური წერითი ენისაგან დამოუკიდებლად გავითარდა. სომხეთის გეოგრაფიულმა და ეთნოგრაფიულმა შემადგენლობამ მასში უამრავი ახალი დიალექტის გაჩენა გამოიწვია.
სომხური სამზარეულო სომხეთის ისტორიასავით ძველია და იგი უამრავი სხვადასხვა გემოსა და არომატის გაერთიანებას წარმოადგენს. სომხურ საჭმელებს ხშირად ერთობ მკაფიო სუნი აქვს. აღმოსავლური და ხმელთაშუა ზღვისპირა სამზარეულოების გაერთიანებით, სომხური სამზარეულო და კერძები მდიდარია სანელებლებით, ბოსტნეულით, ზღვის პროდუქტებითა და ავთენტური ხილეულით. სომხეთი ასევე ცნობილია ღვინითა და კონიაკით. კერძოდ, სომხური კონიაკი მთელ მსოფლიოშია ცნობილი, ფლობს არაერთ სოლიდურ ჯილდოს და იგი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილის საყვარელი სასმელი იყო.
სომხური გასტრონომიის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია ადგილობრივი პური, სახელად ლავაში. 2014 წელს ლავაში და მისი მომზადების ტრადიციული სომხური ტექნიკა შეტანილ იქნა იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალურ მემკვიდრეობათა ნუსხაში[10].
აგრეთვე ცნობილია სომხური წვნიანი, სახელად ხაში, რომელიც პოპულარობით სარგებლობს რეგიონში. საკუთრივ სახელწოდება წამოსულია სომხური ზმიდან խաշել, რაც პირდაპირ ნიშნავს „მოხარშვას“. ამ კერძს იხსენიებენ XI-XIII საუკუნის ავტორებიც[11].
სომხეთში ერთობ პოპულარულია ბროწეული, რომელიც ნაყოფიერებასთან ასოცირდება. რაც შეეხება გარგარს, იგი ქვეყნის ეროვნული ხილია. რომაული დროიდან გარგარი ცნობილი იყო Prunus Armeniaca-ს სახელით, რაც ითარგმნება, როგორც „სომხური ქლიავი“. დღემდე სომხების ერთ-ერთი საყვარელი სასმელია რუნი, რომელიც წარმოადგენს წყლისა და მჟავე იოგურტის ნარევს.