მარიელები (მარ. мари, марий, мары, маре, мере, мӓрӹ; ადრე: რუს. черемисы) — ფინო-უნგრული წარმოშობის ხალხი. ძირითადად ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციის მარი-ელის რესპუბლიკაში. 2010 წლის მონაცემებით მათი საერთო რაოდენობაა 557 000 კაცი. მარი-ელის რესპუბლიკაში განსახლებულია მთელი ერის ნახევარი დანარჩენი მარიელები განსახლებულნი არიან რუსეთის სხვადასხვა რესპუბლიკებში და ოლქებში (ბაშკირეთი, კიროვის ოლქი, სვერდლოვსკის ოლქი, თათრეთი, უდმურტეთი, ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგი, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი, პერმის მხარე, ჩუვაშეთი).
მარიელების დასახლების ძირითადი ტერიტორიაა ვიატკისა და ვეტლუგის შუამდინარეთი.
მარიელებს ყოფენ სამ ჯგუფად:
- მთის მარიელები — ცხოვრობენ ძირითდად მდინარე ვოლგის მარჯვენა, ნაწილობრივ მარცხენა სანაპიროებზე, მარი-ელის რესპუბლიკის დასავლეთით და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე.
- აღმოსავლეთ-მდელოს მარიელები — წარმოადგენენ მარიელი ხალხის უმრავლესობას. უჭირავთ ვოლგა-ვიატკის შუამდინარეთი.
- ჩრდილო-დასავლეთის მარიელები — ჩამოყალიბდა ვოლგის მდელოებიდან ბაშკირეთში გადმოსახლებულების მიერ.
ბოლო ორი ჯგუფი ისტორიული და ენობრივი ნათესაობის გამო ერთიანდებიან მდელო-აღმოსავლეთის მარიელების ჯგუფში. საუბრობენ აღმოსავლურ-დაბლობის მარიულსა, ჩრდილო-დასავლურ და მთის მარიულ ენებზე, რომლებიც მიეკუთვნება ურალურ ენათა ოჯახის, ფინურ-უნგრული ენათა ჯგუფს.
მარიელების აღმსარებლობაა მართლმადიდებლობა, ასევე გავრცელებულია მარიელების ტრადიციული რელიგია.
ადრე რკინის ხანაში ვოლგა-კამის ტერიტორიაზე გავრცელებული იყო ანანინოს კულტურა (ძვ. წ. VIII-III სს.), რომლის მატარებლებიც იყვნენ კომი-ზირიანების, კომი-პერმიაკების, უდმურტებისა და მარიელების შორეული წინაპრები. აღნიშნული ხალხის ფორმირება იწყება ახ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებიდან.
მარიელების ფორმირება მიმდინარეობდა ვოლგის მარჯვენა სანაპიროზე, მდინარეების სურისა და დიდი ცივილის შესართავებს შორის. ამ რაიონებიდან მარიელები განსახლდნენ აღმოსავლეთის მიმართულებით მდინარე ვიატკამდე და სამხრეთით მდინარე კაზანკამდე[8].
ითვლება, რომ ჩერემისები პირველად ისტორიულ წყაროებში იხსენიება გოთ ისტორიკოს იორდანისთან[9]. თანამედროვე მარიელების წინაპრებს V და VIII საუკუნეებში ურთიერთობა ჰქონდათ გოთებთან, მოგვიანებით ხაზარებთან და ვოლგის ბულგარელებთან. XIII-XV საუკუნეებში მარიელები შევიდნენ ოქროს ურდოს და ყაზანის სახანოს შემადგენლობაში. მოსკოვის სახელმწიფოსა და ყაზანის სახანოს შორის საბრძოლო მოქმედებების დროს მარიელები იბრძოდნენ როგორც მოსკოველთა ასვე ყაზანელთა მხარეს[10]. 1552 წლიდან, ყაზანის სახანოს დაპყრობის შემდეგ მარიელები რუსეთის ხელისუფლების ქვეშ ექცევიან. 1920 წლის 4 ოქტომბერს გამოცხადდა მარიელების ავტონომიური ოკრუგი რსფსრ-ის ფარგლებში. 1936 წლის 5 დეკემბრიდან კი ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაა.
რუსეთის სახელმწიფოსთან შეერთება სისხლიანი აღმოჩნდა. მარიელი ხალხი სამჯერ აჯანყდა რუსული მმართველობის წინააღმდეგ. ეს აჯანყებები ცნობილია 1552-1585 წლების ჩერემისების ომების სახელწოდებით[11][12].
ჩერემისების მეორე ომი (1571-1574 წწ.) ატარებდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ და ანტიფეოდალურ ხასიათს. აჯანყებაში მონაწილეობდა ვოლგისპირეთის ყველა ერი. აჯანყება დაიწყო 1571 წელს, მას შემდეგ რაც მოსკოვს თავს დაესხა და გადაწვა ყირიმის ხანმა დევლეთ I გირაიმ.
მარიელების ძირითადი ნაწილი ცხოვრობს მარი-ელის რესპუბლიკაში (290 ათ. კაცი). მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს კიროვისა და ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქებში. ყველაზე დიდი მარიელების დიასპორა მოქმედებს ბაშკირეთის რესპუბლიკაში (103 ათ. კაცი). ასევე კომპაქტურად ცხოვრობენ თათრეთში (18,8 ათ. კაცი), უდმურტეთში (8 ათ. კაცი), სვერდლოვსკის ოლქსა (23,8 ათ. კაცი) და პერმის მხარეში (4,1 ათ. კაცი), ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგში, ჩელიაბინსკისა და ტომსკის ოლქებში[1]. ასევე ცხოვრობენ ყაზახეთში (4 ათ., 2009 წ.და 12 ათ., 1989 წ.), უკრაინაში (4 ათ., 2001 წ. და 7 ათ., 1989 წ.), უზბეკეთში (3 ათ., 1989 წ.)
მარიელების რაოდენობა მოსახლეობის აღწერის მიხედვით (კაცი):
მარელებს მართლმადიდებლობის გარდა აქვთ ტრადიციული რელიგია, რომელმაც შეინარჩუნა თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა, როგორც სულიერ კულტურაში ასევე თანამედროვეობაში. ტრადიციული რელიგიის დაცვამ მიიპყრო ევროპელი ჟურნალისტების ყურადღება და ზოგჯერ ისინი მარიელებს უწოდებენ „ევროპის უკანასკნელ წარმართებს“[26].
XIX საუკუნეში მარიელების ტრადიციული რელიგია იდევნებოდა. მაგალითად, 1830 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანების საფუძველზე, რომელსაც მიმართა რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა, მარიელების წმინდა მთა ჩუმბილატი ააფეთქეს. თუმცა მთის აფეთქებამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, რადგან მარიელები თაყვანს სცემდნენ არა ქვებს, არამედ ღმერთებს[27].