კიევის კამპანია

(გადამისამართდა გვერდიდან კიევისათვის ბრძოლა)
ეს სტატია კიევის დაუფლებისათვის წარმოებულ სამხედრო კამპანიას ეხება. საკუთრივ კიევში გამართული ბრძოლების შესახებ იხილეთ კიევის ბრძოლა (2022).
კიევისათვის კამპანია
რუსეთის უკრაინაში შეჭრის ნაწილი
თარიღი 24 თებერვალი – 3 აპრილი, 2022
(1 თვე, 1 კვირა და 3 დღე)
მდებარეობა კიევი, კიევისა და ჩერნიჰივის ოლქები, უკრაინა
შედეგი

უკრაინის გამარჯვება[1]

  • უკრაინულმა ძალებმა კონტროლი აღადგინეს კიევის ოლქის მთელ ტერიტორიაზე[2]
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთიუკრაინის დროშა უკრაინა
მეთაურები
სამხედრო ნაწილები
რუსეთის დროშა რუსეთის შეიარაღებული ძალები
  •  რუსეთის სახმელეთო ჯარები
    • 35-ე საერთო-საჯარისო არმია[13]
      • 64-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა[13]
    • 37-ე ცალკეული საგვარდიო მოტომსროლელი ბრიგადა[14]
    • მე-6 საგვარდიო სატანკო პოლკი[7]
    • 239-ე საგვარდიო სატანკო პოლკი[7]
  • რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალები
    • მე-11 საგვარდიო ცალკეული სადესანტო-საიერიშო ბრიგადა[15][16]
    • 31-ე საგვარდიო ცალკეული სადესანტო-საიერიშო ბრიგადა[13][17]
    • 76-ე საგვარდიო სადესანტო-საიერიშო დივიზია
      • 234-ე საგვარდიო სადესანტო-საიერიშო პოლკი[18]
  • სპეციალური ოპერაციების ძალები[19]

რუსეთის ეროვნული გვარდია

  • კადიროველები
    • ეროვნული გვარდიის 141-ე მოტორიზებული ბრიგადა[20]
  • სწრაფი რეაგირების სპეციალური რაზმი[21]
  • ომონი[21]
უკრაინის დროშა უკრაინის შეიარაღებული ძალები
ძალები
15 000–30 000 ჯარისკაცი[26][27]
  • რამდენიმე ასეული მედესანტე[28]
  • 1500 ჩეჩენი[29]
  • 700+ სახმელეთო საბრძოლო მანქანა[30]
  • 220–234+ შვეულმფრენი[31][28]
უცნობია
  • 18 000 მოხალისე[32]
დანაკარგები
უცნობია
უკრაინის/აშშ-ის თანახმად:

6 ჩამოგდებული თვითმფრინავი[33][34][35][36]რამდენიმე ჩამოგდებული შვეულმფრენი[37]

* 200+ დატყვევებული[38]
  • ჩამოგდებული სუ-27[39]
  • განადგურებული ან-225[40]
  • 212+ მოკლული, 948+ დაჭრილი[41][42]
1311 მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე
  • 1222 დაიღუპა კიევის ოლქში[43][44]
  • 89 დაიღუპა ქალაქ კიევში[45]
კიევის კამპანია ვიკისაწყობში

კიევის კამპანია — სამხედრო მოქმედებათა თეატრი 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფარგლებში, რომლის მიზანი იყო დედაქალაქ კიევსა და მიმდებარე ოლქზე კონტროლის აღება. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის შეიარაღებული ძალები კიევის ოლქში შეიჭრნენ, მათთან ბრძოლაში ჩაებნენ უკრაინის შეიარაღებული ძალები.[46][47] ოლქის ტერიტორიაზეა განთავსებული უკრაინის სამხედრო სარდლობა და მთავრობა.[48]

კიევის ალყაში მოქცევის სტრატეგიის ფარგლებში რუსულმა ნაწილებმა დაიკავეს ბუჩა, ჰოსტომელი და ვორზელი.[49][50] ირპინზე კონტროლისათვის ბრძოლები კვლავ გრძელდებოდა.[51] 29 მარტს რუსეთმა კიევის ოლქიდან ჯარების გაყვანის შესახებ გამოაცხადა.[52] უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, მათ ოლქზე სრული კონტროლი 2 აპრილს აღადგინეს.[53][54]

ბრძოლა

რუსეთის შეტევის ფაზა (24 თებერვალი – 10 მარტი)

რუსეთის შეჭრა კიევის ოლქში

24 თებერვალს, დილით, რუსეთის არტილერიამ და რაკეტებმა დაარტყეს კიევის ოლქში განთავსებულ ობიექტებს, მათ შორის კიევის ძირითად, ბორისპილის საერთაშორისო აეროპორტს.[55][56][47] იმავე დილით, რუსეთის ჯარებმა უკრაინის საზღვარი ჩრდილოეთიდან, ბელარუსის ტერიტორიიდან გადაკვეთეს. მათ მიაღწიეს ჩერნობილის გაუცხოების ზონამდე და ბრძოლის შედეგად დაიკავეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, რომელიც საზღვართან ახლოს მდებარეობს, და ქალაქი-მოჩვენება პრიპიატი.[57] სანამ რუსული ძალები კიევისკენ მიემართებოდნენ, 24 თებერვლის ღამეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „დივერსიული ჯგუფები“ კიევს უახლოვდებოდნენ.[58][59] იმავე ღამეს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა კონგრესმენებთან საუბრისას თქვა, რომ ზოგიერთი რუსული მოტოქვეითი ქვედანაყოფი თავდასხმის პირველ დღეს 20 მილში (ანუ 32 კმ-ში) მიუახლოვდა კიევს.[58]

ბრიტანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, 24 თებერვალს რუსეთის ჯარებმა სცადეს ქალაქ ჩერნიჰივის აღება. მას შემდეგ, რაც უკრაინის სამხედრო ძალებმა ისინი შეაჩერეს, რუსებმა ქალაქი ალყაში მოაქციეს; ზოგიერთმა რუსულმა მექანიზებულმა ნაწილმა ჩერნიჰივს გვერდი აუარა.[60][61]

წარმატებების მიუხედავად, რუსულ ძალებს პრობლემები ჰქონდათ ლოგისტიკასთან დაკავშირებით. ეს ნაწილობრივ გამოწვეული იყო ბელარუსული ოპოზიციის მიერ, რამდენადაც რკინიგზელი დისიდენტები, ჰაკერები და ძალოვნები ბელარუსში სარკინიგზო მარშრუტებს აზიანებდნენ. ეს ოპერაცია, რომელიც ბელარუსის სარკინიგზო ომის სახელით არის ცნობილი, ორგანიზებული იყო ცალკეული პირებისა და სამი უფრო დიდი ქსელის, კერძოდ კი „ბიპოლის“, „რკინიგზელთა საზოგადოებისქ“ და „კიბერპარტიზანების“ მიერ.[62]

ჰოსტომელის აეროპორტის დაკავება

24 თებერვალს, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე, 20-დან 34-მდე რუსული შვეულმფრენი (სატრანსპორტო შვეულმფრენები მი-8, რომლებსაც ესკორტირებას უწევდა მოიერიშე შვეულმფრენები კა-52 „ალიგატორი“) ბელარუსის საზღვრიდან შევიდა უკრაინის საჰაერო სივრცეში და მიუახლოვდა ქალაქ ჰოსტომელს. გავრცელებული ინფორმაციით, შვეულმფრენთა ჯგუფს გადაჰყავდა დაახლოებით 300 საჰაერო-სადესანტო ჯარების მებრძოლი, სავარაუდოდ მე-11 საგვარდიო სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის ან 31-ე საგვარდიო სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის წევრები, რომლებსაც აქ მდებარე ანტონოვის აეროპორტის შტურმი ევალებოდათ.[63] მიზანს წარმოადგენდა კიევზე შეტევის მისატანად მასთან ახლოს საჰაერო ხიდის შექმნა სატრანსპორტო ჯარებისა და მძიმე ტექნიკისათვის (მაგალითად, არტილერიისა და ტანკებისათვის).[64] შვეულმფრენების გამოჩენისთანავე უკრაინულმა მხარემ მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღებითა და ხელით გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსებით საპასუხო ცეცხლი გახსნა. შეტევის დროს ჩამოაგდეს ერთიდან სამამდე შვეულმფრენი, პილოტებმა კატაპულტირება შეძლეს.[65][66] საპასუხო შეტევის მიუხედავად, რუსულმა ნაწილებმა ეროვნული გვარდიის მხრიდან მინიმალური დაცვის გამო სწრაფად დაიკავეს აეროპორტი.[67]

აეროპორტის დაკავების შემდეგ მედესანტეები მოემზადნენ რუსეთიდან 18 სტრატეგიულ თვითმფრინავ ილ-76-ის მისაღებად, რომლის ბორტზე ახალი დამატებითი ძალები იყვნენ. თუმცა, ადგილობრივებმა და სპეციალური დანიშნულების მე-3 პოლკის მებრძოლებმა აეროპორტის შტურმი დაიწყეს, რათა რუსეთის მცდელობისათვის ხელი შეეშალათ.[68] შემდეგ უკრაინის ოპერატიული დანიშნულების მე-4 ბრიგადამ მასშტაბური კონტრშეტევა განახორციელა, რის შედეგადაც მოწინააღმდეგემ ვერ შეძლო აეროპორტში სატრანსპორტო თვითმფრინავების დასმა და იძულებული გახდა რუსეთში გაბრუნებულიყო, გადმომსხდრებს კი გადაუჭრეს დამატებითი ძალების მიღების შესაძლებლობა.[69] უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციის დახმარებით, ქვედანაყოფებმა მოახერხეს სამხედრო-სადესანტო ძალების უკუგდება.[70][71] რუსული ნაწილები აგრეთვე ცდილობდნენ კიევის წყალსაცავზე და მის მიმდებარედ დაშვებას.[72]

შეტევის პირველი ტალღის მომდევნო დღეს აეროპორტთან ახალი დესანტი გადმოსხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, როდესაც რუსულმა ძალებმა ივანკივისათვის ბრძოლაში ნაწილობრივ გაარღვიეს უკრაინის თავდაცვა, კომბინირებული სახმელეთო შტურმის შემდეგ შეძლეს აეროპორტის დაკავება, რითაც კიევიდან სულ რაღაც 10 კილომეტრში საკვანძო დასაჯდომი ზონა შეიქმნა.[73] წარმატების მიუხედავად, აეროპორტი გამოუსადეგარ მდგომარეობაში იყო,[69] რაც არ იძლეოდა კიევის სავარაუდო დაპყრობით უკრაინის სწრაფი კაპიტულაციის შანსებს.[74] აეროპორტში გამართული შეტაკებების შედეგად თავის ანგარში განადგურდა ან-225 „მრიას“ ერთადერთი ეგზემპლარი — მსოფლიოში უდიდესი თვითმფრინავი.[40] რუსული მხარის განცხადებით, შტურმის დროს დაიღუპა თითქმის 200 უკრაინელი, მათი მხრიდან კი დანაკარგები არ ყოფილა.[75]

ივანკივისა და დიმერის დაცემა

ჩერნობილში გამარჯვების შემდეგ რუსულმა ძალებმა ქალაქ ივანკივთან მიახლოება დაიწყეს, რომელიც ატომური ელექტროსადგურიდან სამხრეთით დაახლოებით 70 კმ-ში მდებარეობს.[76] 06:47 საათზე (ადგილობრივი დროით), უკრაინის არმიის ქვედანაყოფმა მდინარე ტეტერივზე ივანკივის მახლობლად ხიდი ააფეთქა,[77][78] რამაც ჩერნობილიდან მომავალი რუსული სატანკო კოლონა შეაჩერა.[79][80] უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანახმად, სადესანტო-საიერიშო ჯარები რუსებთან შეტაკებაში ჩაერთნენ ივანკივსა და მეზობლად მდებარე დიმერში.[81][82] რუსული ძალების ნაწილმა შეძლო ივანკივის თავდაცვის გარღვევა და ჰოსტომელის აეროპორტში სხვა ნაწილების გაძლიერება, რის შედეგადაც შეძლეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აეროპორტის დაკავება.[83] ბრძოლების დროს ქალაქი საარტილერიო ცეცხლის სამიზნე გახდა, რამაც გამოიწვია მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობას შორის.[84] მომდევნო დღეს თანამგზავრულ ფოტოებზე დააფიქსირეს მსხვილი რუსული კოლონა, რომელიც ქალაქისკენ მიემართებოდა.[61]

27 თებერვალს ბრძოლის დროს ძლიერ დაზიანდა ივანკივის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, განადგურდა კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი, მ.შ. უკრაინელი მხატვრის მარია პრიმაჩენკოს ოცზე მეტი ნამუშევარი.[85] ივანკივთან ბრძოლები კვლავ გაგრძელდა,[86][87] სანამ 2 მარტს საბოლოოდ არ მოხდა მისი მთლიანად დაპყრობა.[88]

ჰოსტომელზე შეტევა

ივანკივთან თავდაცვის გარღვევის შემდეგ, 25 თებერვალს რუსეთის 41-ე საერთო-საჯარისო არმიის, 31-ე საგვარდიო სადესანტო-საიერიშო ბრიგადისა და 141-ე ჩეჩნური მოტომსტროლელი პოლკის მებრძოლებმა წინ წაიწიეს ქალაქ ჰოსტომელისკენ. ქალაქს იცავდა 79-ე სადესანტო-საიერიშო ბრიგადისა და მე-3 სპეციალური დანიშნულების პოლკის ნაწილები, აგრეთვე სამოქალაქო მოხალისეები.[89] ჩეჩნური პოლკის მებრძოლები ქალაქს მიუახლოვდნენ და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობის მომზადება დაიწყეს.[90][91]

მას შემდეგ, რაც უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ჰოსტომელთან რუსული პოზიციები აღმოაჩინეს, დამცველებმა მოახდინეს ძალთა გადაჯგუფება და კონტრშეტევაზე გადავიდნენ, გაანადგურეს ჯავშანტექნიკა. კონტრშეტევის შემდეგ ქალაქი ავიაციისა და არტილერიის ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა, მოსახლეობას შეუწყდა ელემენტარური კომუნიკაციები.[92] რუსულმა ნაწილებმა ქალაქის პირობებში გააგრძელეს საბრძოლო შეტაკებები,[6] საბოლოოდ 3 მარტს ისინი ჰოსტომელის შემოგარენიდან უკუაგდეს.[93][94][95] 4 მარტს ხელახლა შეიჭრნენ ქალაქში,[96] მაგრამ მარცხი განიცადეს.[97] განმეორებითი შტურმის შემდეგ ჰოსტომელი დაიკავეს.[98][97]

ჰოსტომელში გამართული ბრძოლების შედეგები, 4 მარტი.

ბრძოლის მიმდინარეობისას ორივე მხარემ მძიმე დანაკარგები განიცადა:[99] რუსულმა ჯარებმა ორ დღეში დაკარგეს 21-ზე მეტი მსუბუქი ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ბტრ);[100][96] უკრაინის დაზვერვის ცნობით, 31-ე საგვარდიო საჰაერო-სადესანტო ბრიგადაში 50-ზე მეტი დაღუპული იყო.[97] დაიღუპა რამდენიმე მეთაურიც: 56 ტანკისგან შემდგარი კადიროველთა კოლონის განადგურების დროს, სავარაუდოდ, მოკლეს ჩეჩენი გენერალ-მაიორი მაგომედ თუშაევი (141-ე პოლკის მეთაური),[6][101] თუმცა ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ თუშაევი ცოცხალი იყო და გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც თუშაევი და ანზორ ბისაევი (კიდევ ერთი ჩეჩენი სარდალი) ერთად იყვნენ წარმოდგენილი, ამდენად, მისი გარდაცვალება საკამათო იყო;[102] 3 მარტს უკრაინელმა სნაიპერმა მოკლა გენერალ-მაიორი ანდრია სუხოვეცკი (41-ე არმიის მეთაურის მოადგილა).[5][103]

4 აპრილს ჰოსტომელის აეროპორტთან ახლოს მოკლეს მაიორი ვალერი ჩიბინეევი (უკრაინის 79-ე ბრიგადის მეთაური სნაიპერი).[97][104] მას შემდეგ, რაც ჰოსტომელი ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა რუსი ქვედანაყოფები ადგილობრივი მოსახლეობისათვის ევაკუაციის აკრძალვაში დაადანაშაულეს.[105] გავრცელდა ცნობები, რომ რუსი ჯარისკაცები მოქალაქეებს შორის ომის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.[106] 7 მარტს ჰოსტომელის საკრებულომ (საქალაქო რადამ) გაავრცელა ცნობა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისათვის პროდუქტისა და წამლების დარიგების დროს ჰოსტომელის მერს იური პრილიპკოს რუსმა სამხედროებმა ესროლეს და მოკლეს.[107]

უკრაინელთა გამარჯვება ვასილკივთან

26 თებერვალს, დილაადრიან, რუსმა მედესანტეებმა დაიწყეს ქალაქ ვასილკივში (კიევის სამხრეთით 40 კმ) დაშვება, რათა დაეკავებინათ ვასილკივის ავიაბაზა. ქალაქის კონტროლისათვის დაიწყო მძიმე ბრძოლა.[108] უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 01:30 საათზე უკრაინულმა გამანადგურებელმა სუ-27-მა ჩამოაგდო რუსული ილ-76, რომელსაც ვასილკივის თავზე მედესანტეები გადაჰყავდა.[33][109] მოგვიანებით, ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ უკრაინელებმა მეორე რუსული ილ-76 ჩამოაგდეს ახლომდებარე ქალაქ ბილა-ცერკვის თავზე.[34] ამერიკელი თანამდებობის პირების თანახმად, მათმა დაზვერვამ რეალური დროის რეჟიმში გადასცა ინფორმაცია უკრაინულ მხარეს, რისი საშუალებითაც მათ მოახერხეს თვითმფრინავის ჩამოგდება.[110] უკრაინული საზენიტო (ჰაერსაწინააღმდეგო) სისტემების მოქმედების მიუხედავად, რუსი მედესანტეების მსხვილმა ჯგუფმა შეძლო კიევის სამხრეთით ვასილკივის მიმდებარედ დაშვება. ისინი მიუახლოვდნენ ქალაქს და მძიმე ბრძოლებში ჩაებდნენ ავიაციის მე-40 ტაქტიკურ ბრიგადასთან.[111][11] 7:30 საათზე უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დამცველებმა, საჰაერო ძალების მხარდაჭერით, წარმატებით მოიგერიეს მედესანტეები.[112] ვასილკივის მერმა ნატალია ბალასინოვიჩმა განაცხადა, რომ მისი ქალაქი უკრაინულმა ძალებმა წარმატებით დაიცვეს და ბრძოლა დასრულდა.[113] მის თანახმად, ბრძოლის დროს 200-მდე უკრაინელი დაიჭრა.[114][115] საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ დარჩენილი რუსების მოსაძებნად პატრულირება დაიწყეს.[116][117]

კიევის ბრძოლა

25 თებერვალს, დილით, რუსეთის საჰაერო ძალებმა განაგრძეს დედაქალაქის წინა დღეს დაწყებული დაბომბვა, დაიბომბა კიევის ცენტრი.[118] მოგვიანებით კიევის თავზე ჩამოაგდეს უკრაინული გამანადგურებელი სუ-27; თვითმფრინავი ცხრასართულიან საცხოვრებელ კომპლექსს შეეჯახა, რის შედეგადაც შენობა დაიწვა.[39][119]

შუა დილით, უკრაინელი ჯარისკაცების ფორმებში ჩაცმული რუსი დივერსანტები შევიდნენ ობოლონის რაიონში[120][48] (ტერიტორია კიევის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც უმაღლესი რადიდან დაახლოებით 10 კმ-ითაა დაშორებული).[121] მთელი დღის განმავლობაში კიევის ბრძოლის დროს სროლის ხმა ისმოდა ქალაქის რამდენიმე რაიონში; უკრაინის ოფიციალურმა პირებმა სროლა რუსულ ჯარებთან შეტაკებს დაუკავშირეს.[48][121]

ზელენსკიმ მოქალაქეებს მოუწოდა მოლოტოვის კოქტეილებით გაეწიათ წინააღმდეგობა შემოჭრილი მტრისათვის.[122][123] დედაქალაქის დასაცავად გააქტიურდნენ ტერიტორიული თავდაცვის სარეზერვო ძალები. მოხალისეებს, რომლებიც თავდაცვით ბრძოლაში ჩართვისთვის მზად იყვნენ, 18000 ცეცხლსასროლი იარაღი დაურიგდა.[32]

ხალხის თავშესაფარად გადაკეთებული კიევის მეტროსადგური

რუსულმა ძალებმა კიევზე შეტევა ოფიციალურად ადრეულ დილით დაიწყეს, ქალაქი არტილერიით დაბომბეს და ცდილობდნენ დაეკავებინათ ელექტროსადგური და არმიის ბაზა. უკრაინულმა ძალებმა შეძლეს ორივე ობიექტის დაცვა.[124][125]

კიევის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ქალაქის ჩრდილოეთით, ვიშჰოროდის გარეუბანში მდებარეობს, რუსულმა ძალებმა დაიკავეს.[126][127] 26 თებერვალს უკრაინის არმიამ ელექტროსადგური დაიბრუნა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ, მათივე მტკიცებით, ჩამოაგდო სადგურისკენ გაშვებული რაკეტა.[128] ახალი ამბების სააგენტო „ინტერფაქსის“ მიხედვით, კაშხლის ჩამონგრევით გამოწვეულ წყალმოვარდნას შეეძლო გაენადგურებინა „კიევის მთელი მარცხენა სანაპირო“.[129]

27 თებერვალს, გამთენიისას, რუსულმა რაკეტამ ვასილკივში ნავთობის საცავს დაარტყა და ობიექტს ცეცხლი გაუჩნდა.[130][131] ავიადარტყმები განხორციელდა აგრეთვე კიევის მახლობლად მდებარე რადიოაქტიური ნარჩენების პოლიგონზე, მაგრამ თავად საცავი დაბომბვას გადაურჩა.[132] პარალელურად, იყო ცნობები კალინივკაში მიმდინარე ბრძოლების შესახებ; თუმცა, გაურკვეველია, რომელ კალინივკა იგულისხმებოდა — კიევის თუ ვასილკივის გარეუბანს, რადგან ორივეს ერთი და იგივე სახელი აქვს.[133]

ამავე დღესვე თანამგზავრულ ფოტოებში დააფიქსირეს ივანკივის მიმართულებით მიმავალი მსხვილი რუსული კოლონა. რუსულმა ძალებმა, რომლებმაც 24 თებერვალს გვერდი აუარეს ჩერნიჰივს, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან დაიწყეს კიევთან მიახლოება.[61] კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომAssociated Press“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევი მთლიანად ალყაში იყო მოქცეული, რაც მოქალაქეთა ევაკუაციას შეუძლებელს ხდიდა. თუმცა მოგვიანებით მან საკუთარი სიტყვები უარყო.[134] მის ოფისში განაცხადეს, რომ კლიჩკო ხატოვნად საუბრობდა. „The Guardian“-ის ცნობით, კიევიდან სამხრეთისკენ მიმავალი გზები რუსეთის ჯარებისგან თავისუფალი იყო.[61]

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, 28 თებერვალს, დილით ადრე, კიევის დასავლეთით მდებარე დაბა მაკარივთან გაანადგურეს რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა.[135]

ქალაქ ბროვარის მერის იგორ საპოჟკოს ცნობით, ღამით ქალაქის აღმოსავლეთ გარეუბანში სამხედრო კავშირგაბმულობის კვანძზე რუსული „ისკანდერის“ მიერ მიტანილი დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი.[136][137]

1 მარტს რუსული რაკეტები მოხვდა კიევის ტელეანძას, რის შედეგადაც ქალაქში შეწყდა ტელემაუწყებლობა და დაიღუპა 5 ადამიანი.[138] დაიბომბა უბნები რუსანივკა და კურენივკა, აგრეთვე გარეუბნები ბოიარკა და ვიშნევე.[139][140] მძიმე ბრძოლები გაიმართა ბოროდიანკაში.[141]

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, მტერი კიევთან მიახლოებას ყველა მიმართულებით ცდილობდა, თუმცა ყველგან დანაკარგი ჰქონდა. საკუთარი ძალების წინ წაწევის კუთხით წარუმატებლობის გამო, რუსული მხარე აგრძელებდა სარაკეტო იერიშების მიტანას კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რათა დაეშინებინა სამოქალაქო საზოგადოება.[142]

2 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ჯარებმა მაკარივი დაიბრუნეს.[143] კიევის თავზე ჩამოაგდეს რუსული სუ-35.[35] დედაქალაქში გაკეთებული განცხადებებით, რუსულმა მხარემ ბელარუსიდან შემოსული ტანკებით კიევის გარს შემორტყმა დაიწყო ბლოკადის გაძლიერების მიზნით.[144][145]

უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, 4 მარტს რუსების მხრიდან ავტომანქანის მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შედეგად მეზობელ სოფელ ვორზელში დაიღუპა ორი და დაიჭრა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე.[146] ადგილობრივი პოლიციის მონაცემებით, სოფელ მარხალივკაში რუსულ ავიაიერიშს ექვსი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.[147]

გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული ჯავშანსატანკო ტექნიკა ბროვარის მიუახლოვდა. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ის, სავარაუდოდ, სუმის ოლქიდან იყოს მოსული. ასევე აღნიშნეს, რომ უკრაინულ ძალებს შესაძლოა ვერ გაეწიათ მათთვის წინააღმდეგობა, რადგან ეს ადგილი ვაკე და მცირედ დასახლებული იყო.[148] ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, 7 მარტს მაკარივში საცხობზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად სულ მცირე 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.[149] რუსული ძალები გავიდნენ კიევიდან ჟიტომირისკენ მიმავალ გზაზე და ფასტივს დაემუქრნენ. 9 მარტს რუსული ტანკები კიევს რამდენიმე კილომეტრზე მიუახლოვდნენ,[150] თუმცა ღამით უკრაინელთა თავდასხმაში აღმოჩნდნენ.[151]

10 მარტს უკრაინულმა ჯარებმა, მათ შორის აზოვის პოლკმა და 72-ე მექანიზებულმა ბრიგადამ, ბროვარის რაიონში ჩასაფრება მოუწყეს 90-ე საგვარდიო სატანკო დივიზიის მე-6 და 239-ე პოლკებს და დიდი დანაკარგები მიაყენეს მოწინააღმდეგეს. მე-6 პოლკის მეთაური ანდრია ზახაროვი ბრძოლაში დაიღუპა. რუსული ჯარები იძულები გახდნენ უკან დაეხიათ. მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელა ბროვარისთან ტანკებზე მიტანილი იერიშის ამსახველი კადრები.[8][152] მაკარივში ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა მათ მანქანაზე ჭურვის დაცემას.[153]

ბუჩა და ირპინი

27 თებერვლის დილით რუსეთის ავიაციამ საცხოვრებელ კორპუსს დაარტყა პატარა ქალაქ ბუჩაში, რომელიც ჰოსტომელის სამხრეთით, კიევისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს.[154] წარიმართა ბრძოლები; უკრაინულმა ძალებმა ქალაქში ხიდი დაანგრიეს, რათა შეენელებინათ რუსული ძალების წინსვლა კიევისკენ.[155][156] მეზობელი ქალაქის — ირპინის მერმა, ოლექსანდრ მარკუშინმა მოგვიანებით განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა დაამარცხეს ის რუსული ნაწილები, რომლებიც ბუჩასა და ირპინს შორის ხიდის აფეთქებამ შეაჩერა.[157] 28 თებერვლის ინფორმაციით, ეს კოლონა გაანადგურეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანდა განადგურებული ჯავშანტექნიკა და რამდენიმე მოკლული ჯარისკაცი.[158] 2 მარტს ირპინი ძლიერ დაზარალდა რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად.[159]

უკრაინული თანამდებობის პირის ოლექსი არესტოვიჩის მიხედვით, 5 მარტს რუსულმა ჯარებმა დაიკავეს ბუჩა და ჰოსტომელი. ისინი მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის დაჭრილ ბავშვებს, ევაკუაციის საშუალებას არ აძლევდნენ. ირპინში რუსული ცეცხლის შედეგად დაზიანდა საევაკუაციო ბლოკპოსტი.[160] ირპინის მერის, ოლექსანდრ მარკუშინის ცნობით, დაიღუპა რვა მშვიდობიანი მოქალაქე.[161] უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტოს განცხადებით, სოფელ იასნოჰოროდკაში რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინული ბლოკპოსტის მიმართულებით გახსნილი ცეცხლით დაიღუპა ხუთი ადამიანი.[162] უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სროლების შედეგად ასევე დაიჭრა ბუჩის მერი ანატოლი ფედორუკი.[163][164] მარკუშინის განცხადებით, ოკუპანტებმა ირპინის ნაწილი დაიკავეს.[164]

ჩიხი (11–15 მარტი)

11 მარტისთვის ცნობილი რუსული 64-კილომეტრიანი კოლონა გაიშალა და საცეცხლე პოზიციებზე დადგა. სანამ კოლონის ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ გზაზე იყო, ზოგიერთი ნაწილი, მათ შორის არტილერია, გამოეყო მას და ჰოსტომელთან პოზიციები დაიკავა.[165] კოლონის ნაწილი ლუბიანკასთან და ახლომდებარე ტყეებში გამაგრდა.[166] ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ განხორციელებული შეფასების თანახმად, რუსეთის სახმელეთო ჯარებმა, რომლებიც კიევის ალყაში მოქცევას ცდილობდნენ, აიღეს პაუზა, რათა შეევსოთ მარაგები და გადაეიარაღებინათ 8-დან 10 მარტამდე წარმოებული შეტევების დროს მარცხგანცდილი საბრძოლო ნაწილები.[167]

უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, 12 მარტს რუსულმა ძალებმა ევაკუაციის კოლონის მიმართულებით გახსნეს ცეცხლი სოფელ პერემოჰაში, რის შედეგადაც დაიღუპა შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე, ევაკუაცია შეჩერდა.[168]

ახალი ამბების სააგენტო „Kyiv Independent“ ავრცელებდა ცნობას, რომ ღამით განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ვასილკივისა და სოფელ კრიაჩკის ნავთობბაზებს. სოფელ კვიტნევეს მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შედეგად 03:40 საათზე ცეცხლი მოედო გაყინული პროდუქტების საწყობს.[169][170]

ვასილკივის მერის ნატალია ბალასინოვიჩის ცნობით, რუსული ავიადარტყმების შედეგად განადგურა ვასილკივის ავიაბაზა, მათ შორის ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი. ამას გარდა, დაიწვა ქალაქში არსებული საბრძოლო მასალის საწყობი. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსული ძალები კიევის ცენტრიდან 25 კილომეტრში იმყოფებოდნენ.[171][172]

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი იგორ კონაშენკოვის განცხადებით, რუსულმა ჯარებმა მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების რაკეტებით გაანადგურეს ვასილკივის სამხედრო აეროდრომი და უკრაინელთა რადიოელექტრონული დაზვერვის ბროვარიში განლაგებული მთავარი ცენტრი.[173]

13 მარტს ირპინში ბლოკპოსტთან რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელშიც ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. დაიღუპა „New York Times“-ის ყოფილი ამერიკელი ჟურნალისტი ბრენტ რენო, კიდევ ორი დაიჭრა.[174] უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის კიევისაკენ წინსვლის აღსაკვეთად ჰოსტომელთან ახლოს მდინარე ირპინზე, მთავარი ხიდიდან 5 კმ ჩრდილოეთით ააფეთქეს ხიდი.[175]

14 მარტს „Fox News“-ის კორესპონდენტი ბენჯამინ ჰოლი სოფელ ჰორენკაში ომის შესახებ რეპორტაჟის მომზადების დროს დაიჭრა. ერთ-ერთი თავდასხმის დროს დაიღუპნენ ოპერატორი პიერ ზაქშევსკი და პროდიუსერი ოლექსანდრა კუვშინოვა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩევლის ანტონ ჰერაშჩენკოს ინფორმაციით, მათი დაღუპვა რუსეთის მხრიდან სროლას მოჰყვა.[176][177] 14 მარტის ინფორმაციით, ოკუპანტებმა დაიკავეს ბუჩა და ირპინის ნახევარი.[178]

15 მარტს უკრაინის ეროვნული პოლიციის თანახმად, ჰოსტომელში რუსების მხრიდან საევაკუაციო ავტობუსის მიმართულებით გახსნილი ცეცხლის დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი მოქალაქე.[179] ბუჩაში ტყვედ აიყვანეს მერიის შენობაში მყოფი თანამშრომლები და მოხალისეები, თუმცა მეორე დღეს გაათავისუფლეს.[180]

უკრაინელთა კონტრშეტევა (16 მარტი – 2 აპრილი)

უკრაინის მთავრობის განცხადებით, ჯარები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, რათა უკუეგდოთ რუსული ჯარების კიევთან მიახლოება. ბრძოლები გაიმართა ბუჩაში, ჰოსტომელსა და ირპინში.[181] მოწინააღმდეგე მხოლოდ შეზღუდული შეტევებით შემოიფარგლა კიევის ჩრდილო-დასავლეთიდან.[182]

17 მარტს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ „უკანასკნელი 24–48 საათის განმავლობაში მოწინააღმდეგემ რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია“ და „ქაოტურ სროლებს“ მიმართა. ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ რუსულმა ძალებმა „დიდი დანაკარგები“ განიცადეს და „მინიმალურ წინსვლას“ მიაღწიეს.[183]

18 მარტს უკრაინელებმა კიევზე თავდასხმის ორი ძირითადი მარშრუტი დაბლოკეს, რამდენადაც რუსულმა მხარემ ბორისპილისა და ბროვარის რაიონებში თავდასხმითი მოქმედებები შეწყვიტეს. უკრაინა დედაქალაქის გარშემო თავდაცვის მესამე ხაზზე მუშაობდა, მოწინააღმდეგე კი „ცინიკურად ესროდა“ ინფრასტრუქტურის ობიექტებს.[184]

19 მარტისთვის რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამაგრებას ცდილობდა. ამისათვის მუშაობდა მარაგების შევსებასა და ნაწილების პოზიციების გამაგრებაზე. Maxar-ის ფოტოსურათებზე ჩანდა, თუ როგორ თხრიდნენ ისინი სანგრებს და აკეთებდნენ მიწაყრილებს.[185]

20 მარტს სარაკეტო დარტყმები განახორციელეს კიევის რიგ რაიონებზე, მათ შორის იმ ნაწილზე, რომელსაც რუსეთი „უკრაინული სპეცნაზის სასწავლო ცენტრად“ მიიჩნევდა.[186]

21 მარტს უკრაინელებმა შეაჩერეს რუსების თავდასხმა ბროვარიზე. მოწინააღმდეგემ განაცხადა, რომ დაიკავა მიკოლაივკაში მდებარე უკრაინული სამეთაურო ბუნკერი. გავრცელებული ცნობების თანახმად, რუსული ძალები ჯერ კიდევ ცდილობდნენ სათანადო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ორგანიზებას, რაც საჭირო იყო კიევის ჩრდილო-დასავლეთიდან მსხვილი ოპერაციის ჩასატარებლად.[187]

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 22 მარტს მათმა ჯარებმა შეძლეს კიევთან ახლოს მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დაბა მაკარივის დაბრუნება.[188] 23 მარტს დაიკავეს სოფელი მოშჩუნი, 24 მარტს — პატარა დასახლება ლუკიანოვკა. დადასტურდა, რომ ლუკიანოვკასთან განადგურდა სამი რუსული ტანკი და ათი ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ხელში ჩაიგდეს რამდენიმე ჯავშანტექნიკა. ცნობების თანახმად, უკრაინელები სოფლის სიახლოვეს რუსული ნაწილების ალყაში მოქცევას ცდილობდნენ. იტყობინებოდნენ, რომ ირპინის 80% უკრაინის კონტროლის ქვეშ იყო. რუსეთმა ქალაქზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა.[189][190][191]

24 მარტს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სლავუტიჩში გახსნილმა ცეცხლმა ხელი შეუშალა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში პერსონალის როტაციას.[191]

25 მარტს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის შეფასებაში ნათქვამი იყო, რომ რამდენადაც რუსული ნაწილები უკან, მომარაგების ხაზებისაკენ იხევდნენ, უკრაინელები მათგან იბრუნებდნენ ქალაქებსა და თავდაცვით პოზიციებს კიევიდან ჩრდილოეთით 35 კილომეტრის რადიუსში. შეფასებაში ვარაუდობდნენ, რომ უკრაინული ძალები „გააგრძელებდნენ რუსული ნაწილების ჩრდილო-დასავლეთით, ჰოსტომელის აეროპორტისკენ განდევნას“.[192]

გავრცელებული ინფორმაციით, 26 მარტს რუსეთის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის დამატებითი ძალები გაიგზავნა კიევ-ჩერნიჰივის მიმართულებით. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინელთა მოქმედებების შედეგად ჰოსტომელში შექმნილი ფრონტის ხაზის შვერილი („სოლი“) რამდენიმე მიმართულებიდან იყო დაუცველი და მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.[193]

ამავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ჯარისკაცები თავისი ლიდერების წინააღმდეგ აჯანყებას იწყებდნენ. პოლკოვნიკი იური მედვედევი მაკარივში იბრძოდა, როდესაც 37-ე საგვარდიო მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, ცნობის თანახმად, დაეჯახა მას, მოატეხა ორივე ფეხი და სავარაუდოდ მოკლა.[14]The Guardian“-ის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ თავდასხმას ადგილი მართლაც ჰქონდა, ცოტა იყო მედვედევის სიკვდილის დამამტკიცებელი მასალები.[194]

27 მარტის ცნობით, რუსეთის 35-ე საერთო-საჯარისო არმიამ დაზარალებული ნაწილები ბელარუსში გადაისროლა. ჩერნობილის რაიონში მათ კიევის მიმართულებაზე აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ძალებისათვის სამეთაურო პუნქტი შექმნეს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, ოლქის მეთაური გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩაიკო „შესაძლოა პირადად მეთაურობდა ბელარუსში რუსული ჯარების გადაჯგუფებას და კიევზე დასავლეთიდან შეტევის ოპერაციის განახლებას.[3]

28 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირპინი გაათავისუფლეს,[195] რაც 30 მარტს დადასტურდა.[196]

29 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ფომინმა კიევისა და ჩერნიჰივის მიმართულებებიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ გამოაცხადა.[197]

30–31 მარტს მოწინააღმდეგემ ცეცხლი გაუხსნა კიევის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ გარეუბნებს, სადაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში უკრაინელებმა ტერიტორიების დაბრუნება შეძლეს, და ასევე ირპინსა და მაკარივს. ამავე დროს, კონტრშეტევის ფონზე ბრძოლები გაიმართა ჰოსტომელთან; ცნობები გავრცელდა ბროვარის რაიონიდან რუსების უკან დახევის შესახებ. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, „ქვედანაყოფთა შეზღუდული რაოდენობის მიუხედავად, რუსული ჯარები აგრძელებდნენ კიევის აღმოსავლეთით და დასავლეთით პოზიციების შენარჩუნებას. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ქალაქის გარეუბნებში მწვავე ბრძოლები უნდა გამართულიყო“.[198][199] კიევის მიმართულებით განხორციელებული საარტილერიო დარტყმები ოლქიდან ჯარების გაყვანის გადასაფარად გამოიყენეს. გასვლის დროს ტერიტორიები დანაღმეს. უკრაინელთა კონტრშეტევა უკანდახევის პარალელურად გაგრძელდა. ზოგიერთ ადგილას ჯარის გაყვანა უწესრიგოდ წარიმართა და ჯარების ნაწილი უკან დარჩა.[200]

1 აპრილს უკრაინულმა მხარემ 13 სოფლის დაბრუნების შესახებ განაცხადა.[201] ბროვარის მერის იჰორ საპოჟკოს ცნობით, რუსულმა ნაწილებმა „თითქმის მთლიანად დატოვეს“ ბროვარის რაიონი. მიმდინარეობდა დაბრუნებული ტერიტორიების „წმენდის“ ოპერაციები.[202] ამავე დღეს სოფელ გუტა-მეჟიჰირსკასთან ახლოს იპოვეს უკრაინელი ჟურნალისტის მაქს ლევინის ცხედარი, იგი ორ კვირაზე მეტხანს უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. უკრაინის პროკურატურის განცხადებით, იგი რუსი ჯარისკაცების მიერ „ორი გასროლით“ იქნა მოკლული.[203]

2 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ კონტროლი აღადგინეს კიევის ოლქის მთელ ტერიტორიაზე.[53] 3 აპრილს გავრცელდა ვიზუალური მტკიცებულებები იმისა, რომ უკრაინულმა მხარემ დაიბრუნა პრიპიატის რაიონი და ბელარუსთან მოსაზღვრე ტერიტორიები.[204]

შედეგები

მას შემდეგ, რაც უკრაინამ მთლიანად დაიბრუნა კიევის ოლქი, მისმა სამხედროებმა რუსული ჯარის გასვლის დროს დარჩენილი იზოლირებული კერების წმენდა დაიწყო. ომიშ შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, ამ დარჩენილ ჯგუფებს ორგანიზებული წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ უკან, ბელარუსსა და დასავლეთ რუსეთში გაყვანილი ჯარების ნაწილი „კიდევ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იქნებოდა ბრძოლისუნარიანი“.[200]

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ქალაქ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე სასამართლოსა და გამოძიების გარეშე დახოცეს. მათი ცხედრები რუსების გასვლის შემდეგ აღმოაჩინეს.[205] 4 აპრილის მდგომარეობით, კიევის მიმდებარე ქალაქებში 410 მშვიდობიანი მოსახლის ცხედარი აღმოჩნდა.[206]

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა