ბრაიან ფერი (დ. 26 სექტემბერი, 1945, ტაინ-ენდ-უირი, ინგლისი) — ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანი ინგლისელი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. იგი ცნობილი გახდა 1970-იანების დასაწყისში, არტ-როკ ჯგუფ Roxy Music-ით, რომლის სამი ალბომი #1 პოზიციას იკავებდა, ხოლო 10 სინგლი ბრიტანეთში 1970-იანებსა და 1980-იანებში მოხვდა საუკეთესო 40-ეულში (მათ შორის იყო სიმღერები "Virginia Plain", "Street Life", "Love is the Drug", "Dance Away", "Angel Eyes", "Over You", "Oh Yeah", "Jealous Guy", და "More Than This". ფერის სოლო კარიერა დაიწყო 1973 წელს, ჯერ კიდევ ჯგუფში წევრობისას და დღემდე გრძელდება. მისი სოლო ჰიტებია "A Hard Rain's a-Gonna Fall", "Let's Stick Together", "This Is Tomorrow", "Slave to Love" და "Don't Stop the Dance".
წარმატებული სიმღერების ავტორობის გარდა, ფერი აგრეთვე აღსანიშნავია სხვა შემსრულებლების ქავერ-ვერსიებით და მუსიკალური სტანდარტების საკუთარი ინტერპრეტაციებით, ალბომებში These Foolish Things (1973), Another Time, Another Place (1974) და As Time Goes By (1999). Roxy Music-თან ერთად ჩაწერილი მასალის ჩათვლით, ფერის მსოფლიოში გაყიდული აქვს 30 მილიონი ჩანაწერი.[2]
ბრაიან ფერი დაიბადა ტაინ-ენდ-უირის (ინგლისი) ქალაქ ვაშინგტონში, მუშათა კლასის ოჯახში. მისი მამა, ფრედ ფერი, იყო ფერმერი და უვლიდა პონებს[3]. ფერი დადიოდა ვაშინგტონის დაწყებით სკოლაში, 1957 წლიდან. მის კლასელებს შორის იყო ევერტონელი ფეხბურთელი ჰოვარდ კენდელი. ფერი ნიუკასლ-აპონ-ტაინის უნივერსიტეტში 1964-1968 წლებში ეუფლებოდა ხატვას.[1][4][5] მასთან ერთად სწავლობდნენ ტიმ ჰედი[6] და ნიკ დე ვილი.[7] ამ პერიოდში ბრაიანი სტუდენტური ჯგუფ The City Blues-ის წევრი იყო.[8] ლონდონში მან მოგვიანებით დაიწყო მუშაობა თიხის ჭურჭლის დამზადების პედაგოგად.[9] მან ჩამოაყალიბა ჯგუფი The Banshees, მოგვიანებით კი, გრემ სიმპსონთან და ჯონ პორტერთან ერთად[10], კოლექტივი Gas Board.[11] ლონდონში საცხოვრებლად იგი 1968 წელს გადავიდა, მუსიკაში კარიერის დაწყების მიზნით.