ბობ მარლი

იამაიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი

რობერტ ნესტა მარლი ინგლ. Robert Nesta Marley; დ. 6 თებერვალი, 1945 — გ. 11 მაისი, 1981) — მერიტის ორდენის მფლობელი იამაიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. იგი ცნობილი გახდა ჯგუფთან Bob Marley & The Wailers (1963–1981) ერთად სკას, როკსტედისა და რეგის შესრულებით. მარლი რჩება რეგის ჟანრის ყველაზე ცნობილ შემსრულებლად და აღიარებულია იამაიკური მუსიკისა და რასტაფარის მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად.

ბობ მარლი

ბობ მარლი კონცერტზე, დაახლოებით 1980 წელი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ნესტა რობერტ მარლი
დაბ. თარიღი 6 თებერვალი 1945
Nine Mile, წმ. ანა, იამაიკა
დაბ. ადგილი ნაინ მაილი, British West Indies, ბრიტანეთის იმპერია[1]
გარდ. თარიღი 11 მაისი, 1981 (36 წლის)
მაიამი, ფლორიდა, აშშ
გარდ. ადგილი Jackson Memorial Hospital
დასაფლავებულია ნაინ მაილი
ჟანრ(ებ)ი რეგი, სკა, როკსტედი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, პერკუსია
აქტიური 19621981
ლეიბლ(ებ)ი Studio One
Beverley's
Upsetter/Trojan
Island/Tuff Gong
საიტი www.bobmarley.com
ბობ მარლი ვიკისაწყობში

მარლის მუსიკაზე გავლენა იქონია მისი სამშობლოს სოციალურმა პრობლემებმა. აღიარებულია, რომ მუსიკოსმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ მოვლენებში წვლილის შეტანაში. მისი ცნობილი სიმღერებია „I Shot the Sheriff“, „No Woman, No Cry“, „Could You Be Loved“, „Stir It Up“, „Jamming“, „Redemption Song“, „One Love“ და The Wailers-სთან ერთად შექმნილი „Three Little Birds“,[2] გარდა ამისა, ცნობილია მისი სიმღერები, გამოცემული გარდაცვალების შემდეგ — „Buffalo Soldier“ და „Iron Lion Zion“. კრებული „Legend“ (1984), რომელიც მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ გამოვიდა, წარმოადგენს რეგის ჟანრის ყველაზე გაყიდვად ალბომს, რომელიც აშშ-ში 10-ჯერ გახდა პლატინის (ანუ ალმასის) სტატუსის მფლობელი.[3] მსოფლიო მასშტაბით სულ გაიყიდა ალბომის 20 მილიონზე მეტი ასლი.[4][5]

ადრეული წლები და კარიერის დასაწყისი

ბობი დაიბადა სოფელში Nine Mile (წმ. ანა პერიში, იამაიკა).[6] იამაიკური წესებით პასპორტში მის სახელსა და მამის სახელს ადგილი შეუცვალეს.[7] მამა, ნორვალ მარლი, იყო ინგლისური წარმოშობის თეთრკანიანი იამაიკელი, რომლის ოჯახი მომდინარეობდა ესექსიდან (ინგლისი). ნორვანი ბრიტანეთის საზღვაო სამხედრო ძალების ოფიცერი იყო და, სედელა ბუკერთან, აფრო-იამაიკელთან 18 წლის ასაკში ქორწინების შემდეგ, პლანტაციების მმართველადაც მუშაობდა.[8] ბავშვსა და მეუღლეს იგი ფინანსურად ეხმარებოდა, მაგრამ იშვიათად ხედავდა, ვინაიდან ზღვაში მსახურობდა. 1955 წელს, როდესაც ბობი მხოლოდ 10 წლის იყო, მამა გულის შეტევით, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.[9] მთელი ცხოვრების მანძილზე ბობს უსვამდნენ კითხვებს მისი რასობრივი წარმოშობის შესახებ. თავად კი პასუხობდა, რომ ამას მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა და იგი მიეკუთვნებოდა მხოლოდ ღმერთს, მის შექმნელს.[10]

მიუხედავად იმისა, რომ მარლი აღიარებდა თავის წარმოშობაში შერეულ სისხლს, მას თვლიან მუქკანიან აფრიკელად, რომელიც პან აფრიკელი ლიდერების იდეებს ემხრობოდა. მარლი აღიარებდა, რომ მასზე დიდი გავლენა მოახდინა ორმა პიროვნებამ - მარკუს გარვიმ და ჰეილი სელესიმ. ცენტრალური თემა მარლის გზავნილებში იყო შავკანიანების დაბრუნება სიონში, რომელსაც, მისი აზრით, წარმოადგენდა ეთიოპია, ან, უფრო მეტი - აფრიკა.[11] სხვადასხვა სიმღერაში, როგორიც არის Black Survivor, Babylon System, და Blackman Redemption, მარლი მღერის დასავლეთთან, იგივე ’ბაბილონთან’ შავკანიანების პრობლემებზე.[12]

1950-იანი წლების დასასრულს, ბობი და დედამისი იამაიკის დედაქალაქ კინგსტონის უღარიბეს რაიონში - ტრენჩტაუნში გადავიდნენ. აქ მარლი მეგობრობდა ნევილ ლივინგსტონთან (იგივე ბანი უეილერთან), რომელთანაც სიმღერებს უკრავდა. 14 წლის ასაკში მან მიატოვა სკოლა და შეუერთდა ჯო ჰიგზს, რასტაფარის მოძრაობის აქტივისტსა და მომღერალს. ჰიგზთან და ლივინგსტონთან ჯემ-სესიის დროს მარლიმ გაიცნო პიტერ მაკ-ინტოში (იგივე პიტერ ტოში), რომელსაც ასევე ჰქონდა მუსიკაში საკუთარი თავის წარმოჩენის ამბიციები. 1962 წელს მარლიმ, პროდიუსერ ლესლი კონგის დახმარებით ჩაწერა ორი სინგლი - Judge Not და One Cup of Coffee. ეს სიმღერები მან გამოსცა ლეიბლზე Beverley's, ფსევდონიმით ბობი მარტლი.[13] მათ წარმატება არ იქონიეს, თუმცა წლების შემდეგ ორივე შეტანილი იქნა კრებულში Songs of Freedom.

Bob Marley & the Wailers

1963–1974

მარლი 1980 წელს, კონცერტი ციურიხში (შვეიცარია)

1963 წელს ბობმა, ბანიმ, პიტერმა, ბევერლი კელსომ, ჩერი სმითმა და ჯუნიორ ბრეითვეიტმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი The Teenagers, რომელიც სკასა და როკსტედის უკრავდა. მოგვიანებით მათი სახელები იცვლებოდა და იყო The Wailing Rudeboys, შემდეგ The Wailing Wailers (ამ ეტაპზე მათი მუსიკით პროდიუსერი კოქსსონ დოდი დაინტერესდა) და საბოლოოდ - The Wailers. 1966 წლისათვის ბევერლიმ, ჩერიმ და ჯუნიორმა ჯგუფი დატოვეს.

1966 წელს მარლიმ იქორწინა რიტა ანდერსონთან და საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში, უილმინგტონში, სადაც მცირე დროის მანძილზე მუშაობდა DuPont-ის ერთ-ერთ ასისტენდად და კომპანიაში Chrysler, სადაც ცნობილი იყო ფსევდონიმით დონალდ მარლი.[14]

მიუხედავად იმისა, რომ მისი ფუძე კათოლიკურ რწმენაში იყო, მარლის იზიდავდა რასტაფარული რწმენა - ამაში თავისი როლი ითამაშა დედისგან შორს ცხოვრებამ და მის გავლენისგან მოწყვეტამ.[15] იამაიკაზე დაბრუნებისთანავე იგი რასტაფარელი გახდა და დაიწყო ცნობილი დრედ ნაწნავების ტარება. დოდთან კონფლიქტის შემდეგ ჯგუფი შეუერთდა ლი პერისა და მის კოლექტივს The Upsetters. მიუხედავად მათი ხანმოკლე გაერთიანებისა, ამ პერიოდში ჩაწერილი იქნა მასალა, რომელსაც ბევრი ჯგუფის საუკეთესო ნაშრომებად თვლის. მარლისა და პერის შემოქმედებითი გზები გაიყო მაშინ, როდესაც მიმდინარეობდა საუბარი საავტორო უფლებებზე, მაგრამ ისინი კარგ მეგობრებად დარჩნენ. 1968-1972 წლებში ბობი, რიტა, პიტერი და ბანი იამაიკაზე მუშაობდნენ მანამდე ჩაწერილი სიმღერების ახალ ვერსიებზე. ამას დაემატა ლონდონური ხმისჩამწერი სესიებიც. მათი მიზანი იყო The Wailers-ის ჟღერადობისათვის კომერციული ჟღერადობის მინიჭება. თუმცა, სტუდიურ ალბომებზე ისინი არ იქნა შეტანილი, ვინაიდან მასალა მაინც დემო ჩანაწერების სახეს ატარებდა. 1968 წელს ბობმა და რიტამ გაიცნეს ჯიმი ნორმანი, ჯონი ნეშის სიმღერების ავტორი.[16] ნორმანთან და სხვა მუსიკოსებთან სამ დღიანი სესიისას ჩაწერილი იქნა მარლის, ელ პიფრომის (ნორმანის თანაშემწეს) და თავად ნორმანის სიმღერები, რაც 24 წუთიან ფირად იქცა. რეგის ისტორიკოსის, როჯერ სტივენსის თქმით, იგი იშვიათ ჩანაწერს წარმოადგენს და უფრო მეტად ტრადიციული პოპია, ვიდრე რეგი, რაც წარმოადგენდა ბობ მარლის მცდელობას, შეეღწია ამერიკულ ჩარტებში.[16] გაზეთში ნიუ-იორკ ტაიმზი გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, მარლი ამ ჩანაწერის მომზადებისას ატარებდა ცდებს სხვადასხვა ხმოვან ეფექტთან და მუსიკალურ სტილებთან. მაგალითად, სიმღერაში Stay With Me დუ-უაპი გამოიყენებოდა, ხოლო Splish for My Splash-ზე - 60-იანი წლების სასიყვარულო სიმღერის სტილისტიკა.[16] ბობი 1972 წელს დასახლდა კემდენში (ლონდონი), თუმცა მის პოპულარობამდე იამაიკის ფარგლებს გარეთ ჯერ შორი იყო.[17]

1972 წელს The Wailers დაუკავშირდა ლეიბლს CBS Records, მაგრამ მათი თანამშრომლობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამ პერიოდში ჯგუფს ჰქონდა ერთობლივი ტური ჯონი ნეშთან. მარლის შემდეგი მცდელობა იყო Island Records-თან გასაუბრება. მისი თხოვნით, ლეიბლმა გამოუყო თანხები, რათა ჩაეწერათ ახალი სინგლი. მარლიმ ამ შეთანხმებას საკმაოდ ადვილად მიაღწია იმ მიზეზით, რომ ლეიბლი დატოვა რეგის მაშინდელმა ვარსკვლავმა, ჯიმი კლიფმა და Island Records ახალ სახეებს ეძებდა. მისი დამაარსებლის, კრის ბლექუელის თქმით, ლეიბლი ძირითადად ორიენტირებული იყო როკ-მუსიკაზე, რომელიც ამბოხების სიმბოლო იყო. ამიტომ, მათთვის ადვილი იყო ნებისმიერი მუსიკოსის, როგორც მეამბოხის წარმოჩენა. პრობლემა მხოლოდ ასეთის არარსებობაში იყო და როდესაც ბობმა მასთან შემოაბიჯა, კრისმა იგრძნო, რომ ეს სწორედ ის იყო, ვინც სჭირდებოდა.[18] ბლექუელმა მარლის სთხოვა სრული სტუდიური ალბომის ჩაწერა. როდესაც ბობმა ამისათვის 3.000-დან 4.000 ფუნტამდე სთხოვა, კრისი უფრო დიდ თანხას დაჰპირდა. ამრიგად, The Wailers-მა ჩაწერა Catch A Fire, სადებიუტო დისკი.

ალბომი წარმოადგენდა ჯგუფის პირველ მნიშვნელოვან ცდას, ამასთან - სტუდიაში, რომელიც უმაღლესი კლასის იყო. ბლექუელს სურდა მათგან უფრო ჰიპნოზის მსგავსი ეფექტის მატარებელი მუსიკის, ვიდრე რეგის მიღება. ალბომი გამოიცა 1973 წლის აპრილში და გაიყიდა 14.000 ასლის ოდენობით. ამას მარლისთვის ვარსკვლავის სტატუსი არ მოუტანია, მაგრამ კრიტიკოსებმა ჩანაწერს დადებითი შეფასება მიანიჭეს. დისკს იმავე წელს მიჰყვა Burnin', სიმღერებით Get Up, Stand Up და I Shot the Sheriff. უკანასკნელმა მიიქცია ერიკ კლეპტონის ყურადღებაც და გიტარისტმა 1974 წელს მისი საკუთარი ვერსიაც ჩაწერა. ამან მას ამერიკაში ჰიტის სტატუსი, ხოლო მარლის სახელს - საერთაშორისო მოწონება მოუტანა.[19] საგულისხმოა, რომ იამაიკელთა დიდი ნაწილისათვის Catch A Fire-ის რეგის ახალი ჟღერადობა არც თუ მისაღები იყო, მაგრამ Burnin'-მა საკუთარი მსმენელი როგორც რეგის, ასევე როკის მსმენელთა შორის იპოვა.[18]

ამ პერიოდში ბლექუელმა თავისი ბინა კინგსტონში და კომპანიის შტაბ-ბინა (ცნობილი Island House-ის სახელით) მარლის გადასცა. იგი გადაიქცა სტუდიად Tuff Gong და გახდა არა მხოლოდ მარლის ოფისი, არამედ მისი სახლიც.[18]

The Wailers-ს დაგეგმილი ჰქონდა 17 კონცერტი აშშ-ში, ჯგუფთან Sly and the Family Stone ერთად. მაგრამ ოთხი კონცერტის შემდეგ მათ შეწყვიტეს მინი-ტური, ვინაიდან Sly and the Family Stone-თან შედარებით უცნობები იყვნენ.[20] The Wailers დაიშალა 1974 წელს და მისმა ყოველმა წევრმა სოლო-კარიერა დაიწყო. დაშლის მიზეზის შესახებ დღემდე საუბრობენ - ამბობენ, რომ ბანის, პიტერსა და ბობს შორის უთანხმოებები იყო, მაგრამ სხვა ვერსიით, ბანიმ და პიტერმა უბრალოდ სოლო-კარიერა აირჩიეს.

1974–1981

ბობი და The Wailers ტურის Uprising Tour ერთ-ერთ კონცერტზე.

მიუხედავად დაშლისა, ბობი კვლავ განაგრძობდა ჩაწერას სახელით Bob Marley & The Wailers. მის ახალ ბენდში შედიოდნენ ძმები კარლტონ და ესტონ ბარეტები (დასარტყმელი საკრავები და ბას გიტარა), ჯუნიორ მარვინი და ელ ანდერსონი (გიტარები), ტაირონ დაუნი და ერლ ლინდო (კლავიშებიანი საკრავები) და მარლის მეუღლე, რიტა (დამატებითი ვოკალი). იამაიკის ფარგლებს გარეთ 1975 წელს მარლიმ დიდი წარმატებამ მოიპოვა სიმღერით No Woman, No Cry, რომელმაც, თავის მხრივ, შტატებში მის ალბომს Natty Dread უდიდესი პოპულარობა შესძინა. იგივე შეიძლება ითქვას შემდეგ ალბომზე, Rastaman Vibration (1976), რომელიც ბილბორდის 100-ეულში ოთხი კვირის მანძილზე იმყოფებოდა.[21] 1976 წლის დეკემბერში დაგეგმილი იყო კონცერტი Smile Jamaica, ორგანიზებული იამაიკის პრემიერ-მინისტრის, მაიკლ მენლის მიერ. ეს იყო ორი პოლიტიკური ბანაკის შერიგების მცდელობა. მარლის, მის მეუღლეს და დონ ტეილორს უცნობები საკუთარ სახლში დაესხნენ თავს და ესროლეს. ტეილორმა და რიტამ მძიმე ჭრილობები მიიღეს, მაგრამ გადარჩნენ. ბობი მძიმედ იქნა დაჭრილი გულ-მკერდსა და ხელში. თვლიდნენ, რომ ეს თავდასხმა პოლიტიკური მოტივაციით მოხდა. ბევრი ასევე თვლიდა, რომ კონცერტი მენლის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. მიუხედავად ამისა, კონცერტი შედგა და მარლი, მიუხედავად ჭრილობებისა, მაინც გამოვიდა. მას ჰკითხეს, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ბობმა უპასუხა: ვინც ამ მსოფლიოს განადგურებას ცდილობს, ერთ დღესაც არ ისვენებს. მაშ მე რატომ უნდა ვიჯდე უქმად? ჯგუფის Zap Pow წევრები (რომლებიც არც რადიკალური რელიგიური, არც პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები იყვნენ), უკრავდნენ მარლის მხარდაჭერი ბენდის სახით. ფესტივალს 80.000 მსმენელი დაესწრო, თუმცა The Wailers-ის წევრები მათ შორის არ ჩანდნენ.[22][23]

1976 წლის ბოლო მარლიმ დატოვა იამაიკა. ერთი თვე მან ბაჰამებზე ცხოვრებისას დაუთმო გამოჯანმრთელებასა და სიმღერების შექმნას. შემდეგ იგი დაბრუნდა ინგლისში და ყველასგან გარიყული ცხოვრობდა. მოგვიანებით ბობმა ჩაწერა ალბომები Exodus და Kaya. Exodus ბრიტანულ ჩარტში 56 კვირის მანძილზე იმყოფებოდა, რასაც ხელი შეუწყო სინგლებმა Exodus, Waiting in Vain, Jamming და One Love. ამავე პერიოდში, ლონდონში ცხოვრებისას იგი დაპატიმრებული იქნა მარიხუანის შენახვისა და მოხმარების გამო (მას ნარკოტიკის მცირე რაოდენობა აღმოაჩნდა).[24] 1978 წელს მუსიკოსი დაბრუნდა იამაიკაზე და გამოჩნდა პოლიტიკური ქვეტექსტის მატარებელ კიდევ ერთ კონცერტზე, One Love Peace Concert. მიზანს კვლავ ორი დაპირისპირებული პოლიტიკური ბანაკის შერიგება წარმოადგენდა და ბობის თხოვნით, კონცერტის დასასრულს სცენაზე გამოვიდნენ მაიკლ მენლი (რომელიც ამ დროს მმართველი, ეროვნული პარტიის ლიდერი იყო) და მისი პოლიტიკური მეტოქე, ედვარდ სიეგა (იამაიკის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი). მათ ერთმანეთს სცენაზევე ხელი ჩამოართვეს.[25]

სახელით Bob Marley and the Wailers გამოიცა 11 ალბომი, აქედან - ოთხი ცოცხალი და შვიდი სტუდიური დისკი. მათ შორის იყო ორმაგი საკონცერტო ალბომი Babylon by Bus, გამოსული 1978 წელს და მოწონებული კრიტიკოსების მიერ. მასში შეტანილი ჩანაწერები, განსაკუთრებით ფინალური, Jamming, კარგად ასახავდნენ ბობის საკონცერტო ატმოსფეროს.[26]

Survival, პოლიტიკური გზავნილების მატარებელი დისკი, 1979 წელს გამოვიდა. მასში შეტანილი სიმღერების ნაწილი, როგორიც არის Zimbabwe, Africa Unite, Wake Up and Live და Survival აფრიკელთა მხარდაჭერის მკვეთრ ტონს ატარებენ. მუსიკოსმა ბოსტონში 1979 წლის ივლისში, ამანდლას ფესტივალზე გამოსვლებით პროტესტი გამოხატა აფრიკაში აპართეიდის წინააღმდეგ. ეს განწყობა 1976 წელს უკვე აისახა მის სიმღერაში War. 1980 წლის დასაწყისში მარლი გამოვიდა ზიმბაბვეს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ კონცერტზე. Uprising (1980) მისი უკანასკნელი სტუდიური დისკი იყო, რელიგიური თემატიკით სავსე, რაც კარგად ჩანდა ისეთ სიმღერებში, როგორიც იყო Redemption Song და Forever Loving Jah[27] 1983 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა კიდევ ერთი ალბომი, Confrontation, მანამდე გამოუცემელი მასალით, როგორიც იყო Buffalo Soldier და მანამდე მხოლოდ იამაიკაზე გამოსული სინგლების ახალი მიქსებით.

უკანასკნელი წლები და გარდაცვალება

მარლის გამოსვლა დელიმაუნტ პარკში, 1970-იანების ბოლოს

ევროპული ტურის დაწყებამდე მარლიმ ფეხბურთის თამაშისას დაიზიანა ფეხის თითი. 1977 წელს მას აღმოუჩინეს ავთვისებიანი სიმსივნის, მელანომის ერთ-ერთი ფორმა.[28] მიუხედავად ავადმყოფობისა, მან განაგრძო ტური და უარი თქვა თითის ამპუტაციაზე, ვინაიდან რასტაფარის რწმენის მიხედვით, აკრძალული იყო ყველანაირი სახის ქირურგიული მოკვეთა. აღსანიშნავია, რომ 1980 წლის 4 მაისს მარლი ეთიოპიის მართლმადიდებელ ეკლესიაში მოინათლა (ნათლობის სახელი - ბერხანე სელასიე, ამჰარულად - წმიდა სამების ნათელი). მოგვიანებით მას მიენიჭა იამაიკის ღირსების ორდენი.

დაგეგმილი იყო, რომ ჯგუფი Inner Circle ასევე გამოჩნდებოდა ბობის შოუებზე, მაგრამ ამას ხელი შეუშალა ტრაგიკულმა მოვლენამ - მისი ლიდერი, ჯეიკობ მილერი, გარდაიცვალა იამაიკაზე, 1980 წლის მარტში.[29] ალბომი Uprising გამოვიდა 1980 წლის მაისში (ბლექუელის პროდიუსერობით). ერთ-ერთი სიმღერა ამ ალბომიდან, Redemption Song განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მარლის მიერ საკუთარი სიკვდილის მოლოდინზე. ძირითადი კონცერტები ევროპაში მაინც შედგა, მათ შორის - მილანში, სადაც შოუს 100.000-მდე ადამიანი დაესწრო. ამ ტურის შემდეგ მარლი დაბრუნდა ამერიკაში, დაუკრა მედისონ სკვერზე, ტურის Uprising Tour ფარგლებში. კონცერტის შემდეგ, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში სირბილისას მან გონება დაკარგა. მისი ჯანმრთელობა გაუარესდა და მწვავე კიბო მთელ სხეულს მოედო. ტურის დარჩენილი კონცერტები გააუქმეს. რვა თვის მანძილზე მარლი ისელსის კლინიკაში (ბავარია) გადიოდა მკურნალობის სპეციალურ კურსს, მაგრამ უშედეგოდ. იგი იამაიკისაკენ გაფრინდა.[30]

გზად გერმანიიდან იამაიკისაკენ, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მაიამიში (ფლორიდა) თვითმფრინავის სასწრაფო დაშვებისთანავე იგი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში. ბობი 1981 წლის 11 მაისს გარდაიცვალა, 36 წლის ასაკში. მელანომის გავრცელება მის ფილტვებსა და ტვინში გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა. უკანასკნელი სიტყვებით მან შვილს, ზიგი მარლის მიმართა - ფულით სიცოცხლეს ვერ იყიდი.

ბობ მარლის დაკრძალვის ცერემონია შედგა იამაიკაზე, 1981 წლის 21 მაისს. ცერემონიისას დაცული იყო როგორც ეთიოპიური მართლმადიდებლური, ასევე რასტაფარული ტრადიციები.[31] მარლი დასაფლავებული იქნა სამლოცველოში, მის დაბადების ადგილთან ახლოს, წითელი ფერის გიტარით Gibson Les Paul (სხვა ვერსიებით, ეს იყო Fender Stratocaster).[32] საფლავში ასევე თან გააყოლეს მარიხუანის გრაგნილი, ბიბლია და ბეჭედი, რომელსაც ის მუდამ თან ატარებდა (ეთიოპიის პრინცის, ჰაილ სელასიე I-ს უფროსი ვაჟის საჩუქარი).

1981 წლის 21 მაისს იამაიკის პრემიერ მინისტრმა ედვარდ სიგამ მარლის ხსოვნას პატივი მიაგო გამოსამშვიდობებელი სიტყვებით:

„ჩვენს ელექტრონულ სამყაროში მისი ხმა ყველგან ჟღერდა. მისი მკაფიო თვისებები, დიადი მზერა და მნიშვნელოვანი სტილი ჩვენს გონებაში კაშკაშად აისახა. მას არავინ ხედავდა. ეს იყო მოვლენა, რომელიც მისი ყოველი დანახვისას წარუშლელ კვალს ტოვებდა. ასეთი ადამიანის მეხსიერებიდან ამოშლა შეუძლებელია. იგი ჩვენი ერის საერთო ცნობიერების ნაწილია.[33]

პირადი ცხოვრება

რელიგია

ბობ მარლი იყო რასტაფარის მოძრაობის აქტიური წევრი. ამ კულტურამ რეგის განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მარლი გახდა რასტაფარის ერთგვარი მქადაგებელი და დამცველი. მას ხშირად ეკითხებოდნენ ამ კულტურის შესახებ. ტიპური პასუხი ასეთი იყო

  • ჟურნალისტი: შეგიძლიათ, აგვიხსნათ, რას ნიშნავს ’რასტაფარელი’?
  • ბობ: მე ასე ვიტყოდი: მშვიდად იცხოვრეთ და იცოდეთ, რომ მისი იმპერიული უდიდებულესობა, ეთიოპიის იმპერატორი ჰაილე სელასიე ყოვლისშემძლეა. ბიბლიაში ასე წერია, ბაბილონის გაზეთები ასე წერენ და მეც და ბავშვებიც ასე ვამბობთ. გასაგებია? ასე რომ ვერ ვხვდები, ამაზე მეტი რა უნდა უჩვენო ხალხს. რისი ხილვა სურთ? თუ თეთრი ღმერთის, მაშინ ღმერთი შავი იყო. ნამდვილად ასეა[34]

რასტაფარის კულტურა ითვალისწინებს კვების სპეციფიურ რაციონს. მარლი ვეგეტარიანელი იყო.[35] ბიოგრაფების თანახმად, ბობი დაკავშირებული იყო ’თორმეტი მოდგმის სახლთან’ და ეკუთვნოდა ’იოსების მოდგმას’, რადგან დაბადებული იყო თებერვალში. მარლიმ ამას საკუთარ შემოქმედებაშიც გაუსვა ხაზი, ახსენა რა ნაწყვეტი ბიბლიის წიგნიდან ’დაბადება’, სადაც ნახსენებია იაკობი, რომელმაც დალოცა თავისი შვილი იოსები.

წლების შემდეგ, 1980 წლის 4 ნოემბერს მარლი მონათლული იქნა ეთიოპიურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში.[36][37]

ოჯახი

ბობ მარლის რამდენიმე შვილი დარჩა: სამი - მეუღლე რიტასგან, ორი - რიტას წინა ქორწინებისგან და რამდენიმე - სხვა ქალებისგან. არასანდო წყაროების მიხედვით, ეს რაოდენობა 22 დან 46 მდე მერყეობს. მუსიკოსის ოფიციალურ საიტზე ნახსენებია 11 შვილი:

  1. შერონი, დ. 23 ნოემბერი 1964, დედა - რიტა (წინა ქორწინებისგან)
  2. სიდელა დ. 23 აგვისტო 1967, დედა - რიტა
  3. დევიდ ’ზიგი’, დ. 17 ოქტომბერი 1968, დედა - რიტა
  4. სტივენი, დ. 20 აპრილი 1972, დედა - რიტა
  5. რობერტ ’რობი’, დ. 16 მაისი 1972, დედა - პეტ უილიამსი
  6. როუენი, დ. 19 მაისი 1972, დედა - ჯენეტ ჰანტი
  7. კერენი, დ. 1973, დედა - ჯენეტ ბოუენი
  8. სტეფანი, დ. 17 აგვისტო 1974; სიდელა ბრუკერის თანახმად, იგი იყო რიტასა და ვინმე იტალის შვილი, თუმცა სტეფანი ითვლება ბობის შვილად
  9. ჯულიანი, დ. 4 ივნისი 1975, დედა - ლუსი პაუნდერი
  10. კაი-მანი, დ. 26 თებერვალი 1976, დედა - ანიტა ბელნევისი
  11. დემიენ, დ. 21 ივლისი 1978, დედა - სინდი ბრეიკსპირი

1981 წლის 30 ივნისს, უკვე მარლის გარდაცვალების შემდეგ, ივეტ კრიჩტონს ეყოლა შვილი მაკედა.[38] მერედით დიქსონის წიგნში ნათქვამია, რომ იგი ბობის შვილია, მაგრამ მუსიკოსის ოფიციალურ გვერდზე ის ნახსენები არ არის.

სხვადასხვა გვერდებზე [39] ნახსენებია იმანი კეროლი (დ. 22 მაისი 1963), შერილ მიურეის შვილი, მაგრამ მარლის ოფიციალურ გვერდზე არც ის არის მითითებული.[38]

დისკოგრაფია

  • The Wailing Wailers (1965)
  • Soul Rebels (1970)
  • Soul Revolution (1971)
  • The Best of The Wailers (1971)
  • Catch a Fire (1973)
  • Burnin' (1973)
  • Natty Dread (1974)
  • Rastaman Vibration (1976)
  • Exodus (1977)
  • Kaya (1978)
  • Survival (1979)
  • Uprising (1980)
  • Confrontation (1983)

გავლენა

„ბობ მარლი იყო მესამე მსოფლიოს ქვეყნების პირველი პოპ სუპერსკვლავი. ეს იყო პიროვნება, რომელმაც სამყაროს რეგის მისტიური ძალა გააცნო. გულით იგი იყო ნამდვილი როკერი, ხოლო როგორც სიმღერების ავტორი, ერთროულად ატარებდა ბობ დილანის ლირიკულ ენერგიას, ჯონ ლენონის პიროვნულ ქარიზმას, სმოუკი რობინსონის გამორჩეულ ვოკალურ სტილისტიკას,“
(ჯენ უენერი 1994 წელს ბობ მარლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიაზე)

1999 წელს ჟურნალმა ტაიმი Bob Marley & The Wailers-ის ალბომი Exodus დაასახელა XX საუკუნის უდიდეს მუსიკალურ ალბომად.[40] 2001 წელს მარლის სიკვდილის შემდგომ განსაკუთრებული მიღწევებისათვის მიენიჭა გრემის საპატიო ჯილდო. რიტას, ჯგუფის The Wailers და მარლის შეყვარებულებისა და შვილების მონაწილეობით გადაღებული იქნა დოკუმენტური ფილმი ბობის შესახებ, Rebel Music, რომელმაც გრემის ცერემონიაზე არაერთი ჯილდო მიიღო.[41] კინგსტონში, ართურ უინტის სახელობის ხეივანში, ეროვნული სტადიონის გვერდით დაიდგა მარლის ძეგლი. 2006 წელს ნიუ-იორკის შტატში რემზენის ხეივნის ნაწილს შეეცვალა სახელი და ეწოდა ბობ მარლის ბულვარი.

მსოფლიო მასშტაბით მარლის მოწოდებები კვლავ წარმოადგენს სხვადასხვა მკვიდრი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან გზავნილებს. მაგალითად, ავსტრალიის აბორიგენები სიდნეიში, ვიქტორიას პარკში დღემდე ანთებენ მის საპატივცემულო კოცონს. ინდიელთა ნაწილი მარლის თვლის უძველესი წინასწარმეტყველების ნაწილად. ნეპალში ბობ მარლის თვლიან ვიშნუს რეინკარნაციად.

ბობ მარლი იქცა გლობალური მნიშვნელობის სიმბოლოდ და სხვადასხვა მერჩანდაიზინგის ობიექტადაც. იგი გამოსახულია გულსაბნევებზე, პლაკატებზე, ჩაცმულობის სხვადასხვა სახეობაზე, როგორიც არის მაისურები და სხვა პროდუქციაზე.

ბობ მარლი ფილმებში

2008 წლის თებერვალში მარტინ სკორსეზესგან ცნობილი გახდა, რომ იგი აპირებდა მარლის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებას. მისი გამოსვლა დაგეგმილი იყო 2010 წლის 6 დეკემბრისათვის, ბობის დაბადებიდან 65-ე წლისთავზე.[42] თუმცა, საკუთარი გრაფიკის გამო, სკორსეზემ დატოვა პროექტი. მისი ადგილი ჯონათან დემმა დაიკავა.[43]

2008 წლის მარტში The Weinstein Company-სგან ცნობილი გახდა, რომ ბობის შესახებ გადაღებული იქნება ბიოგრაფიული ფილმი, რომელიც ეფუძნება რიტას წიგნს No Woman No Cry: My Life With Bob Marley. რუდი ლანგლე იმუშავებს სცენარზე ლიზი ბორდენთან ერთად, ხოლო რიტა მარლი იქნება პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი.[44]

ჯილდოები

მარლის სახელობის ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.

იხილეთ აგრეთვე

  • ჯა
  • იამაიკური კრეოლური ენა
  • იუდას ლომი
  • რეგი მუსიკოსების სია
  • მარკუს გერვი
  • პიტერ ტოში
  • რასტაფარი

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა