ავქსენტი გვათუა
- სტატია
- განხილვა
ავქსენტი დიმიტრის ძე გვათუა (დ. 1877, სოფ. მაცხოვრისკარი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, — გ. 1922, სოფ. ნარაზენი, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) — რევოლუციური მოძრაობის მონაწილე კავკასიაში, სოციალ-დემოკრატი.
წარმოშობით ზუგდიდის მაზრის აზნაურთა ოჯახიდან. სწავლობდა ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებელში, რომელიც უსახსრობის გამო არ დაამთავრა. შემდეგ ცხოვრობდა შავიზღვისპირეთში, ბათუმსა და სოჭში. 1899 წელს გაზეთ „კვალში“ გამოაქვეყნა კორესპონდენცია სოჭისა და იქაური ქართველი მოახალშენეების პრობლემების შესახებ.[1] 1901-1902 წლებში აქტიურად მონაწილეობდა ბათუმის სოციალ-დემოკრატიული წრის საქმიანობაში, კერძოდ, ვლადიმერ ლენინის მარქსისტული არალეგალური გაზეთის „ისკრის“ ტრანსპორტირებასა და გამრავლებაში. 1903 წლიდან ფარმაცევტად მუშაობდა მის მიერ გახსნილ აფთიაქში სოჭში, სადაც ამავდროულად ფარულ რევოლუციურ პროპაგანდას ეწეოდა და იყო სოჭის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს გვათუა იყო სოჭში შეიარაღებული აჯანყების მოთავე და ქალაქის რევოლუციური მმართველობის („სოჭის რესპუბლიკის“) ერთ-ერთი ლიდერი, უზრუნველყო გამოსვლებში გაგრიდან და პლასტუნკიდან ქართველი მოხალისეების აქტიური ჩართვა. აჯანყების დამარცხების შემდეგ გურულ მომღერალთა გუნდს შეაფარა თავი და საზღვარგარეთ (იაპონია, ეგვიპტე, საფრანგეთი) გაიქცა. რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და სახელმწიფო სამსახურში ჩადგა. 1919 წელს იყო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე ქართული დელეგაციის წევრი.[2] მოკლეს 1922 წელს სოფელ ნარაზენში.