დიდი აფეთქება — დაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკებიდედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.
გიორგი მაზნიაშვილიგიორგი მაზნიაშვილი (დ. 1870 — გ. 1937) — ქართველი მხედარმთავარი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა 1870 წელს კასპის რაიონის სოფელ სასირეთში. სათანადო სამხედრო განათლების გავლის შემდეგ რუსეთის არმიაში დაწინაურდა გენერლად. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში 1904-1905 წლებში იგი გამოირჩეოდა მხედრული მამაცობით. მიღებული ჭრილობის შედეგად გიორგი აღმოჩნდა ლაზარეთში, სადაც მას ემსახურებოდნენ თვით ნიკოლოზ II-ის ქალიშვილები, რაც დიდ პატივად ითვლებოდა მაშინდელ რუსეთის იმპერიაში. აქვე პირადად ესტუმრა გიორგი მაზნიაშვილს იმპერატორი ნიკოლოზ II და პირადად გადასცა წმ. გიორგის ჯვარი ომში გამოჩენილი მხედრული მამაცობისათვის და მიიწვია თავის სასახლეში. პირველ მსოფლიო ომში მაზნიაშვილი იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე. დაიჭრა ვარშავასთან. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ის დაბრუნდა საქართველოში, ჩამოაყალიბა 2 დივიზია, რითაც აქტიურად იცავდა თბილისს ქაოსისა და ბოლშევიკური გაფართოებისგან. გიორგი მაზნიაშვილი იყო დაუმარცხებელი გენერალი, რომელსაც არც ერთი ბრძოლა არ წაუგია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.